“გურია ნიუსის” ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტო ოზურგეთის მერიაში შევიდა.
როგორც გვითხრეს, გამომძიებლებმა მერიიდან დოკუმენტები ამოიღეს.
სუს-ში დაგვიდასტურეს, რომ საქმეზე, რომელიც სოფელ დვაბზუში ხიდის მშენებლობას ეხება გამოძიება დაიწყო, თუმცა, დამატებით დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავეს.
საქმეზე, რომელზეც გამოძიებაა დაწყებული “გურია ნიუსი” 2018 წლის დეკემბერში წერდა.
ჩვენ მიერ მოპოვებული დოკუმენტებით გაირკვა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში მდებარე საფეხმავლო (საქვეითო) ხიდის რეაბილიტაციის მიზნით, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით (ერთ პირთან მოლაპარაკება), ოზურგეთის მუნიციპალიტეტსა და ს/ს “ხიდმშენს” შორის, 2013 წლის 16 დეკემბერს გაფორმდა #538 ხელშეკრულება.
აღნიშნული ხელშეკრულებით შესყიდვის ობიექტის ანუ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში მდებარე საფეხმავალო (საქვეითო) ხიდის რეაბილიტაციის საერთო ღირებულება განისაზღვრა 199 981 ლარით.
ხელშეკრულებას ხელს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მხრიდან იმდროინდელი გამგებელი კონსტანტინე შარაშენიძე აწერდა, ხოლო სს „ხიდმშენს“ ჯიმი მამალაძე წარმოადგენდა.
ხელშეკრულების მიხედვით, ობიექტის ჩაბარების ვადა 2014 წლის 1 აგვისტო იყო, თუმცა, 2014 წლის 31 ივლისის შეთანხმებით, შარაშენიძის გამგებლობის ვადის ამოწურვამდე რამდენიმე დღით ადრე, ხელშეკრულებაში ცვლილებები შეიტანეს, რომლის თანახმადაც, ობიექტის ჩაბარების ვადა განისაზღვრა 2014 წლის 1 ოქტომბრით და ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელებული იქნა 2014 წლის 1 დეკემბრამდე.
ეს ყველაფერი კი იმ ფონზე, როცა კომპანიას, ავანსის სახით, წინასწარ ჰქონდა აღებული 150 000 ლარი _ 2014 წლის 31 იანვარს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ ს/ს “ხიდმშენს” ავანსის სახით ჩაერიცხა 80 000 ლარი, ხოლო 2014 წლის 3 ივნისს _ 70 000 ლარი.
ამავე დროს, 2014 წლის 27 მაისის #538-1 შუალედური ინსპექტირების აქტით დადგენილი იქნა, რომ #538 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შუალედური შესრულების საერთო ღირებულება შეადგენდა 31 803 ლარს და მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას 150 000 ლარის ავანსი უკვე ჰქონდა მიღებული, აქედან _ 70 000 ლარი 3 ივნისს, ორი დღის შემდეგ _ 5 ივნისს შარაშენიძემ „ხიდმშენს“ ეს 31 803 ლარი მაინც ჩაურიცხა.
ეს ყველაფერი კონსტანტინე შარაშენიძის გამგებლობისას მოხდა. შემდეგ, თვითმმართველობის არჩევნებში ოზურგეთის გამგებლად მერაბ ჭანუყვაძე აირჩიეს. უკვე ჭანუყვაძის ბრძანებით, 2014 წლის 28 აგვისტოს #538-2 შუალედური ინსპექტირება გახორციელდა და აქტით დადგენილი იქნა, რომ #538 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შუალედური შესრულების საერთო ღირებულება შეადგენდა 63 421 ლარს, ამ დროს კი „ხიდმშენს“ ოზურგეთის ბიუჯეტიდან უკვე მიღებული ჰქონდა 181 803 ლარი.
ხელშეკრულების ვადა ისე ამოიწურა, რომ ს/ს “ხიდმშენმა” არ შეასრულა #538 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რისთვისაც ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე _ 2014 წლის 1 ოქტომბრიდან 2014 წლის 1 დეკემბრამდე ვადაგადაცილების პირგასამტეხლო _ 11 998 ლარი და 86 თეთრი უნდა გადაეხადა.
2014 წლის ბოლოს, ს/ს “ხიდმშენს”, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სასარგებლოდ, ამ ერთი ხელშეკრულებიდან, საერთო ჯამში 98 577,86 ლარი უნდა გადაეხადა.
ამის პარალელურად არსებობდა მეორე ხელშეკრულებაც, რომელიც შარაშენიძესა და მამალაძეს შორის 2013 წლის 19 სექტემბერს მერია-ლაითურის ხიდის ასაშენებლად გაფორმდა 2 356 225,18 ლარზე. დვაბზუს ხიდის მსგავსად, შარაშენიძემ სს „ხიდმშენს“ თანხები წინასწარ ჩაურიცხა _ ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი თვეც არ იყო გასული, რომ “ხიდმშენს“ შარაშენიძის ბრძანებით 700 000 ლარი ჩაურიცხეს.
ოფიციალური დოკუმენტების საფუძველზე გავარკვიეთ, რომ 2013 წელს, ხიდის მშენებლობაზე ათვისებული იყო 339 816 ლარი. ხელშეკრულების მიხედვით, ობიექტის ჩაბარების ვადა 2014 წლის 19 აპრილი იყო, რომელიც დაარღვია კომპანიამ და 2014 წლის 30 მაისის შეთანხმების საფუძველზე, მშენებლობის ვადა გადაიწია 2014 წლის 1 სექტემბრამდე; აგრეთვე, კომპანიას დაერიცხა პირგასამტეხლო _ 2014 წლის 19 აპრილიდან 2014 წლის 30 მაისამდე, 40 კალენდარული დღის ვადაგადაცილებაზე 93 340,32 ლარის ოდენობით.
პარალელურად, კომპანიას გაუგრძელეს ხელშეკრულების ვადა, თუმცა, ყველაფერი ისე დასრულდა, როგორც დვაბზუს ხიდის მშენებლობისას _ „ხიდმშენმა“ შარაშენიძის მიერ წინასწარ ჩარიცხული ბიუჯეტის თანხები გამოიყენა, სამუშაოები არ შეასრულა და არც თანხების დაბრუნებაზე უფიქრია.
არადა, ინსპექტირების ჯგუფმა დაადგინა, რომ ლაითური-მერიის ხიდზე კომპანიას წინასწარ ჩარიცხული 700 000 ლარიდან მხოლოდ 286 471 ლარის სამუშაო ჰქონდა შესრულებული.
მიუხედავად ამ თვალხილული დარღვევებისა, არავის უფიქრია, რომ კომპანიის მიერ წარმოდგენილი საბანკო გარანტია აემუშავებინა და ბიუჯეტის თანხა ამ ფორმით მაინც ამოეღო. ეს ვადაც ხელიდან იქნა გაშვებული.
აღსანიშნავია კიდევ ერთი საყურადღებო დეტალი _ დვაბზუს ხიდის მშენებლობა შარაშენიძემ „ხიდმშენს“ ისე დააწყებინა, რომ არც პროექტი არსებობდა და არც შესაბამისი ექპერტიზა, რაც კანონის დარღვევაა. თუმცა, ამ თემით მაშინ არავინ დაინტერესებულა.
ამ ყველაფრის შემდეგ, ახალმა გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ თანხების ამოღების მიზნით სასამართლოს მიმართა, მოიგო კიდეც პროცესი და კომპანიის „შავ სიაში“ შეტანის მოთხოვნით შესყიდვების სააგენტოსაც მისწერა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, „ხიდმშენს“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტისთვის თითქმის ნახევარი მილიონი უნდა გადაეხადა ეტაპობრივად. როგორც გავარკვიეთ, კომპანიამ 50 000 ლარამდე ჩარიცხა კიდეც ბიუჯეტში, თუმცა, დანარჩენის გადახდა არ გაუგრძელებია. შესაბამისად, მის ქონებას ყადაღა დაედო და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში თანხა მას შემდეგ შევიდოდა, რაც კომპანიის ქონება, რომელიც მილიონებს შეადგენს, აუქციონზე გაიყიდებოდა.
ჩვენ იმის დადგენაც შევძელით, რომ ამ კომპანიას, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გარდა, ბევრი მევალე ჰყავდა და „ხიდმშენს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან და კერძო ორგანიზაციებიდან თუ პირებიდან მილიონები ჰქონდა მიღებული. შესაბამისად, მევალეები რიგში იდგნენ.
გავარკვიეთ ისიც, რომ 2016-2017 წლებში, „ხიდმშენის“ პრობლემების მოგვარებას ხელისუფლების მაღალი პირებიც ცდილობდნენ და მევალეებს, მათ შორის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს მორიგებას სთხოვდნენ. თუმცა, ოზურგეთის შემთხვევაში ეს არ შედგა _ როგორც იმდროინდელმა ჩინოვნიკებმა გვითხრეს, ამის საშუალებას კანონიც არ აძლევდათ და უფრო მეტიც _ კომპანიამ დვაბზუს ხიდის მშენებლობაზე მუნიციპალიტეტის მიერ მოთხოვნილი სამხარაულის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნის წარდგენაც კი ვერ შეძლო.
რამდენიმე წყარომ ისიც გვითხრა, რომ 2015-2017 წლებში, მაშინ, როცა კონსტანტინე შარაშენიძე „ქართუში“ მუშაობდა, იგი ძალიან ბევრ მაღალჩინოსანს თხოვდა, რომ „ხიდმშენს“ დვაბზუში ხიდის მშენებლობა გაეგრძელებინა. თანამდებობის პირებთან საუბარში შარაშენიძე იმასაც ამბობდა, რომ „ხიდმშენს“ „ქართუს“ ტექნიკას პირადად დაახმარებდა. უფრო მეტიც, წყაროს თქმით, აღნიშნული თხოვნით „ქართუში“ მომუშავე შარაშენიძემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს არჩილ თალაკვაძესაც მიმართა:
_ გიდასტურებთ, რომ იყო ასეთი შემთხვევები. სულ უნდოდა მაგ ხიდის დასრულება. რამდენჯერმე მითხრა, იქნებ, დაიძრას პროექტიო, _ აღნიშნა ‘გურია ნიუსთან“ საუბრისას თალაკვაძემ.
_ ბატონო არჩილ, ეჭვი არ გაგჩენიათ, რატომ იყო შარაშენიძე ამ თემით ასე დაინტერესებული და რატომ სურდა, აღნიშნული ხიდი მაინცდამაინც „ხიდშმენს“ დაესრულებინა?
_ არ დავინტერესებულვარ არასდროს. მივიჩნიე, რომ ჩვეულებრივი ინფრასტრუქტურული პროექტი იყო, _ გვითხრა თალაკვაძემ.
თუმცა, როგორც ჩანს, შარაშენიძესთვის ეს „ერთი ჩვეულებრივი ინფრასტრუქტურული“ პროექტი არ ყოფილა _ 2017 წელს, თანამდებობაზე არჩევიდან მალევე, მან ეს თემა ისევ წამოსწია. რამდენიმე წყაროს თქმით, იურიდიული და ინფრასტრუქტურული სამსახურის თანამშრომლებს პირდაპირ მოთხოვა, რომ მოეძებნათ გზა მშენებლობის გასაგრძელებლად და თან ისე, რომ სამუშაოები ისევ „ხიდმშენს“ შეესრულებინა.
მერიის თანამშრომლებმა ვერა, თუმცა, წყაროს თქმით, ეს გზა თავად „ხიდმშენმა“ მოძებნა _ შარაშენიძეს კომპანიის“ იურისტებმა“ მორიგების აქტი კაბინეტში მიუტანეს და შეთახმებაც შედგა ზედმეტი კითხვების გარეშე.
ამ შეთანხმების საფუძველზე, შარაშენიძემ აღსრულების ეროვნულ ბიუროში საქმის წარმოების შეწყვეტაც მოითხოვა „ხიდმშენის“ მიმართ. ოღონდ არა მხოლოდ დვაბზუს ხიდის საქმეზე _ ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, შარაშენიძემ აღსრულების ბიუროს, 2018 წლის ოქტომბერში მიწერა, რომ „ხიდმშენის“ მიმართ ორივე საქმე შეეჩერებინა, რომლითაც ოზურგეთის ბიუჯეტში, თითქმის 400 000 ლარი უნდა შესულიყო და ამ თანხის ამოღების მიზნით, აღსრულების ბიუროს რამდენიმე დღეში „ხიდმშენის“ ქონება აუქციონზე უნდა გაეყიდა.
აღსანიშნავია, რომ, წყაროს თქმით, ეს წერილი ბიუროში აუქციონის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე შევიდა და მასში აღნიშნულია, რომ პროცესი 3 თვით უნდა შეჩერდეს.
ამ სამ თვეში კი კომპანიას დვაბზუს ხიდის მშენებლობა უნდა დაესრულებინა, რის შემდეგაც შარაშენიძე ვალებს გამოუქვითავდა. თუმცა, რამდენს და რის საფუძველზე, უცნობია _ ცნობილია მხოლოდ ის, რომ ამ დრომდე არ არსებობს ხიდის მშენებლობისთვის საჭირო პროექტი, ექპერტიზაგავლილი ხარჯთაღრიცხვა, ჰოდროგეოლოგიური დასკვნა…
ეს რომ ნამდვილად ასე იყო, „გურია ნიუსთან“ საუბრისას დაადასტურა ოზურგეთის მერიის ინფრასტრუქტურის თანამშრომელმა გია ნიკოლაიშვილმა. მისი თქმით, კომპანიას ახალი პროექტი არ წარმოუდგენია და მათ არც ექსპერტიზის დასკვნა აქვთ. ნიკოლაიშვილი ამბობს, რომ მას თათბირზე დაუძახეს და შედგა სიტყვიერი მოლაპარაკება, რომ დოკუმენტაცია ხიდის მშენებლობის დასრულების შემდეგ მომზადდებოდა(?!).
ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომელმა დაგვიდასტურა ისიც, რომ გაზრდილია ხარჯთაღრიცხვაც, რომელსაც ექსპერტიზა არ ახლავს და მხოლოდ ფურცელზე ჩამოწერილი ციფრებია.
ჩვენ შევეცადეთ უფრო მეტი დეტალი სამსახურის უფროსისგან, თემურ გიორგაძისგან გაგვეგო, მაგრამ უშედეგოდ _ მას შემდეგ, რაც გიორგაძემ გაიგო, ვინ ვიყავით და რისთვის ვურეკავდით, რამდენიმე ზარის მიუხედავად ტელეფონში ჩვენი ხმა ვერ გაიგონა(?!). მას სმს-იც მივწერეთ, თუმცა, პასუხად ის მივიღეთ, რომ იმ ადგილას, სადაც იმყოფებოდა, ტელეფონი კარგად არ იჭერდა. მეორე დღეს გიორგაძემ ჩვენ ზარებს საერთოდ არ უპასუხა.
არადა, კითხვები ბევრია _ საეჭვო კომპანიის მიერ უპროექტო, უექსპერტო, გეოლოგიური დასკვნების გარეშე საეჭვოდ დაწყებული მშენებლობის საქმეში არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება _ შარაშენიძემ „ხიდმშენს“ დვაბზუს ხიდის დასამთავრებლად, სოფელ ლაითურში დანგრეულ ხიდზე გამოყენებული მეორადი კოჭებიც გადასცა, რომლებიც ხიდზე ისე დაამონტაჟეს, რომ ექსპერტიზა არ ჩატარებია. არც არავის დაუსვამს კითხვა, რამდენად გამძლე იქნება, დემონტაჟის დროს ამოღებული, ნახევრად დაშლილი კოჭები ახალ ხიდზე, რომლის სიგრძე 24 მეტრია; აგრეთვე, რამდენად ჰქონდა მერს უფლება, მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული, აუდიტის მიერ შეფასებული კოჭები კომპანიისთვის აუქციონის გარეშე, თანაც უსასყიდლოდ გადაეცა.
ჩვენ შევეცადეთ ყველა დეტალი კონსტანტინე შარაშენიძესთან გაგვერკვია, თუმცა, ჩვენი ეს მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა _ შარაშენიძემ არც სატელეფონო ზარებს და არც ტექსტურ შეტყობინებებს უპასუხა.
კითხვებზე პასუხი ვერც პრესსამსახურის საშუალებით მივიღეთ. მარტივად რომ ვთქვათ, ყველა გზა ვცადეთ, თუმცა, ოზურგეთის მერი კონტაქტზე არ გამოვიდა.
ჩვენთან საუბრისას, წყარო, რომელსაც არ სურს ვინაობის დასახელება, ვარაუდობს, რომ შარაშენიძემ „ხიდმშენის“ ხელმძღვანელობისგან ე. წ. „ატკატი“ ჯერ კიდევ 2013 წელს, მაშინ აიღო, როცა თანხა წინასწარ ჩაურიცხა და სწორედ ამიტომ იყო დაინტერესებული 2015-2017 წლებში, რომ კომპანიას მშენებლობა განეახლებინა და ბიუჯეტის ფული უკან არ დაებრუნებინა.
ჩვენი წყარო იმასაც ამტკიცებს, რომ ჯიმი მამალაძე შარაშენიძეს წლების მანძილზე სთხოვდა მიცემული „ატკატის“ უკან დაბრუნებას ან საქმის მოგვარებას. წყაროს თქმით, მაშინ შარაშენიძემ ეს ვერ შეძლო და დღეს, კომპანიას შეთანხმებაც სწორედ ამიტომ გაუკეთა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვალებში მყოფ „ხიდმშენთან“, რომელმაც ოზურგეთის ბიუჯეტი თითქმის 400 000 ლარით აზარალა, საქმეს არ დაიჭერდა.
ეს შეკითხვები შარაშენიძეს მოკვლევის პირველ ეტაპზე სმს-ითაც გავუგზავნეთ, თუმცა, მან მაშინაც დუმილი არჩია.
კონტაქტზე არ გამოვიდა არც ‘ხიდმშენის“ ხელმძღვანელი ჯიმი მამალაძე _ რამდენიმე ზარი და სმს-ი მამალაძემაც უპასუხოდ დატოვა. არადა, კითხვები მასთანაც ბევრი იყო. მით უმეტეს, რომ ჯიმი მამალაძე, 2012 წელს, თითქმის იგივე სქემით, რაც 2013-2014 წლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გაახორციელა, სახელმწიფო თანხების მითვისების ბრალდებით გასამართლებული იყო.
აღსანიშნავია კიდევ ერთი დეტალი _ მიუხედავად იმისა, რომ პირველი სტატია რამდენიმე თვეა რაც გამოქვეყნდა და გამოძიებაც დაიწყო, არც კომპანიას და არც შარაშენიძეს საქმესთან დაკავშირებით კომენტარები არ გაუკეთებიათ. “გურია ნიუსი“ მზადაა გამოაქვეყნოს მათი განმარტებები ამ საქმესთან დაკავშირებით.
ამავე თემაზე: რატომ გადაურიცხა ოზურგეთის მერმა საკუთარი სიძის ორგანიზაციას 30 000 ლარი
ოზურგეთის მერის მიერ სიძისთვის გადარიცხული ფულის საქმეს სუს-ი იძიებს
ოზურგეთის მერის მიერ პირად ანგარიშზე ჩარიცხული 41 473 ლარი _ “გურია ნიუსმა” სასამართლოს მიმართა
ა(ა)იპ “მერცხალის” საქმე _ სუს-მა „გურია ნიუსის“ სტატიის შესწავლა უკვე დაიწყო
1125 ლარი ბიუჯეტიდან “ნინოს შვილ გიორგის” და არათანაბარ პირობებში ჩაყენებული სტუდენტები