ოზურგეთში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით დეტალურად ვარ ინფორმირებული, _ამის შესახებ “გურია ნიუსთან“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ოზურგეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
არის თუ არა პოლიტიკური დაძაბულობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერს, გურიის გუბერნატორს და საკრებულოს იმ წევრებს შორის, რომლებიც პარტია “ქართულ ოცნებას“ წარმოადგენენ, თალაკვაძე აღნიშნავს, რომ ამასთან დაკავშირებით მან თავისი პოზიცია, როგორც საჯაროდ, ასევე, თითოეულ მათგანთან უშუალო კომუნიკაციის დროსაც დააფიქსირა.
_ ჩემი პოზიცია ამასთან დაკავშირებით დავაფიქსირე და კიდევ ერთხელ ვიტყვი, მე როგორც საქართველოს პარლამენტის წევრი და ოლქის მაჟორიტარი, ყველაფერი გავაკეთე და მომავალშიც გავაკეთებ იმისთვის, რომ კონსტიტუციური ორგანოების და მათი წარმომადგენლების საქმიანობა ხორციელდებოდეს კანონმდებლობის ფარგლებში და რაც მთავარია, საზოგადოების ინტერესების სასარგებლოდ იყოს წარმართული. ჩემი მიზანია როგორც საკრებულომ, ასევე, მუნიციპალიტეტის მერმა, უზრუნველყოს იმ ამოცანების შესრულება და იმ პრობლემების გადაჭრა, რომელიც აქვს საზოგადოებას. რაც შეეხება ურთიერთობებს, ვფიქრობ, რომ საკრებულოს დამოკიდებულება, ზედამხედველობის გახორციელება აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, კონტროლის გახორციელების და საკითხების კრიტიკული შეფასების თვალსაზრისით, არის ლეგიტიმური და არის ზუსტად ის, რასაც საკრებულო უნდა აკეთებდეს, _ამბობს თალაკვაძე და მხარდაჭერას გამოთქვამს მხარის გუბერნატორის მიმართ:
_ რაც შეეხება მხარის გუბერნატორს, საკრებულოს და მერის ურთიერთობას, მხარის გუბერნატორი არის ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენელი. ის პასუხისმგებელი არის იმ ამოცანებზე , რომელიც რეგიონებში ცენტრალურ ხელისუფლებას აქვს დასახული. რამდენადაც ვიცი, ბატონ მერაბ ჭანუყვაძეს აქვს ურთიერთობა და საქმიანი თანამშრომლობა იმ მინისტრებთან და სამინისტროებთან, რომელთა საქმიანობაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი, მათ შორის, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების, ასევე, ჯანდაცვის და სხვა სამინისტროებთან. მე, პირადად, მხარი დავუჭირე და დღესაც ვაფიქსირებ ღია მხარდაჭერას მხარის გუბერნატორის მიმართ, მხარი დავუჭირე მას პარტიის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის პოზიციაზე და რა თქმა უნდა, მომავალშიც დავუჭერ იმ ამოცანების შესრულებაში, რომელიც მის წინაშე დგას, ჩემი მხარდაჭერა კი იქნება ცალსახა.
საკონსტუტუციო ორგანოების საქმიანობაში, ჩემთვის ამოსავალი წერტილი არის საზოგადოების და ოზურგეთის ინტერესები, შესაბამისად, მხოლოდ ამ ჭრილში და ამ კრიტერიუმით ვაფასებ პროცესებს, ჩემს საჭიროებას თითოეულ კონკრეტულ შემთხევვაში. ვერავინ, ვერცერთი ხელისუფლების წარმომადგნელი ვერ იტყვის ოზურგეთში, რომ ჩემი ჩართულობა როდესმე ამ წელიწადნახევრის განმავლობაში სხვა ინტერესს ემსახურებოდეს. შესაბამისად, მომავალშიც ჩემგან მოლოდინი უნდა იყოს ოზურგეთის საზოგადოების ინტერესები. რომელიმე კონკრეტულ ურთიერთობაში, საკრებულოსა და მერს შორის, თუ სხვა მხარეებს შორის მე დავინახავ თუ არა ეს ინტერესი არის გადასული უკანა პლანზე და წინა პლანზე რომელიმე სუბიექტური ინტერესია წამოწეული, რა თქმა უნდა, ჩემი მონაწილეობა და ჩართულობა ამ შემთხევვაში იქნება ძალიან მკაფიო და მე ჩემს პოზიციას ყოველთვის დავაფიქსირებ, _ამბობს თალაკვაძე.
მერის იმპიჩმენტთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომელზეც “ქართული ოცნების“ დეპუტატები საუბრობენ, „გურია ნიუსის“ კითხვაზე იღებენ თუ არა დეპუტატები არჩილ თალაკვაძისგან დირექტივებს? _ დეპუტატი გვპასუხობს, რომ იმპიჩმენტის შესახებ მასთან არც ერთ მხარეს საუბარი არ ჰქონია.
_ იმპიჩმენტთან დაკავშირებით არეცრთ მხარეს არ ჰქონია ჩემთან კომუნიკაცია, არც მერს ჰქონია ჩემთან საუბარი, ამასთან დაკავშირებით. იმპიჩმენტის პროცედურა არის კანონმდებლობაში მკაფიოდ გაწერილი, თუ ვის შეუძლია და რა გარემობებით მოითხოვოს. შესაბამისად, თუ რომელიმე მხარეს აინტერსებს ჩემი პოზიცია, მერთანაც და საკრებულოსთანაც მზად ვარ ეს განმარტებები გავაკეთო. თუმცა, კონკრეტულად იმპიჩმენტთან დაკავშირებით არავის რაიმე ტიპის განხილვა არ ჰქონია.
_ ბატონო არჩილ, გაქვთ თუ არა მერთან კომუნიკაცია, რა საკითხებს განიხილავთ და ფლობთ თუ არა ინფორმაციებს ოზურგეთში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით?
_ მე კომუნიკაცია მაქვს, როგორც საკრებულოს წევრებთან, ასევე, მხარის გუბერნატორთან, მუნიციპალიტეტის მერთან და ჩვენს პარტიულ ორგანიზაციასთან. ეს კომუნიკაცია ჩემთვის არის მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ მქონდეს ობიექტური შეფასებები მიმდინარე პროცესებთან და იმ გამოწვევებთან დაკავშირებით, რომელიც არსებობს ოზურგეთში. მე ყოველთვის გახსნილი ვარ თითოეულ მათგანთან.
რაც შეეხება საკითხებს, რა თქმა უნდა, პრობლემები არის და სერიოზული გამოწვევების წინაშე ვდგავართ. განსაკუთრებით, ხაზს ვუსვამ იმას, რომ ბევრი ოჯახი რჩება ეკონომიკურ სიდუხჭირეში, რჩება ინფრასტრუქტურული პრობლემები, როგორც ქალაქში, ასევე, სოფლებში, რომელიც დაუყონებლივ გადასაჭრელია. ასევე, არის საკითხები, რომელიც უკავშირდება საჯარო ფუნქციების გახორციელებას, მათ შორის, გამოვყოფდი სოფლებში კულტურული, სპორტული და საგანმანათლებლო ფუნქციების გააქტიურებას. ამ მიმართულებით, მე რომელ სოფელშიც ვიყავი, ყველგან არის საჭიროება და ველოდები, რომ უფრო აქტიური ნაბიჯები იქნება გადადგმული, თუნდაც პირობების უზრუნველყოფის და რესურსების გამოყოფის თვალსაზრისით.
_ რაც შეეხება საკითხებს, რომლებზეც მერთან მქონია კომუნიკაცია, ამ საკითხებს შორის იყო და არის სოციალური საკითხები, ასევე, ინფრასტრუქტურული, იყო ბიუჯეტთან დაკავშირებული საკითხები, როდესაც კონკრეტული პროექტებისთვის არის საჭიროება, რომ გამოყოფილი იყოს ცენტრალური ბიუჯეტიდან დამატებითი რესურსი.
არჩილ თალაკვაძემ ხაზი გაუსვა, ასევე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურას და აღნიშნა, რომ ამ მხრივ პრობლემები ნამდვილად არსებობს და საარსებოს აუცილებელი პრობლემები (გზა, წყალი, გაზი) ყველა სოფელში უნდა მოწესრიგდეს.
მისივე თქმით, იმ სოფლებში სადაც უწყლობაზეა საუბარი, საკითხს საკრებულოსა და მერთან ერთად განიხილავს.




































































