საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 2018/2019 სასწავლო წელს ჩარიცხული სტუდენტებისათვის პრიორიტეტულ პროგრამულ მიმართულებებს დააფინანსებს, კერძოდ, ეს ფაკულტეტებია: აგრარული მეცნიერებები; განათლება; ინჟინერია; მეცნიერება/საბუნებისმეტყველო მეცნიერებები; სოციალური მეცნიერებები; ჰუმანიტარული მეცნიერებები და მიმართულებათაშორისი დარგები და სპეციალობები;
ამასთან, გამოქვეყნებულ დოკუმენტში, უნივერსიტეტებისა და ფაკულტეტების გარდა, თითოეულ საგანმანათლებლო პროგრამაზე გამოყოფილი ადგილების რაოდენობაც მოცემულია.
პრიორიტეტულ პროგრამებზე სტუდენტების პროგრამული და საგრანტო დაფინანსების ჯამი 100%-ია.
პირდაპირი დაფინანსებით პროგრამებზე სტუდენტთა განაწილების შემდეგ დარჩენილი თანხა ნაწილდება იგივე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პრიორიტეტული მიმართულების სხვა დარგის/სპეციალობის პროგრამებზე სტუდენტების საერთო რანჟირებულ სიაზე დაყრდნობით (გადასახადის 100%-მდე შევსების პრინციპით).
იმისათვის, რომ სტუდენტი ჩაირიცხოს ე.წ უფასო ფაკულტეტზე, აუცილებელია, ფაკულტეტების ჩამონათვალში ეწეროს აღნიშნული პროგრამები და ეროვნულ გამოცდებზე აიღოს საკმარისი ქულა.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აბიტურიენტებს საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში პროგრამის დამატება ან წაშლა აპელაციის შედეგების გამოქვეყნებამდე შეეძლებათ. აპელაცია კი ყველა გამოცდის შედეგების გამოცხადების შემდეგ დაიწყება.