პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელმა პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დღევანდელ სხდომაზე ორი პირი გამოჰკითხა.
ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გელა შერმადინმა კომისიას ახსნა-განმარტება 2008 წლის აგვისტოს ომამდე და ომის დროს ახალგორში განვითარებულ მოვლენებზე მისცა.
მისი თქმით, 2007 წელს „ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებამ ახალგორის მუნიციპალიტეტი მცხეთა-მთიანეთის მხარის შემადგენლობიდან გამოიყვანა და ახალშექმნილი სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის შემადგენლობაში შეიყვანა. როგორც მან აღნიშნა, ცენტრალური ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებამ ადგილობრივ მოსახლეობაში უკმაყოფილება გამოიწვია.
როგორც გელა შერმადინმა აღნიშნა, აგვისტოს ომის დაწყების შემდეგ ახალგორში მდგომარეობა ქაოსური იყო, მოსახლეობა პანიკაში იყო და ღამ-ღამობით თავს ტყეს აფარებდა. მისივე თქმით, რუსეთის ჯარები ახალგორში 14-15 აგვისტოს შევიდნენ და ამ საფრთხის შესახებ მოსახლეობა წინასწარ არავის გაუფრთხილებია და არც ევაკუაცია განუხორციელებია.
გელა შერმადინის განცხადებით, ახალგორში არანაირი საბრძოლო მოქმედება არ განვითარებულა და 2008 წლის აგვისტოს ომის მიმდინარეობისას ტყვიაც კი არ გავარდნილა.
როგორც მან აღნიშნა, ახალგორიდან დევნილი მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს, რომ ახალგორი მაშინდელმა ხელისუფლებამ გაწირა, მუნიციპალიტეტი ჩააბარა და რუსებზე გაყიდა.
გელა შერმადინის განცხადებით, 2004 წელს ე.წ. ერგნეთის ბაზრობის გაუქმება არ იყო სწორი გადაწყვეტილება და ამან ქართველებსა და ოსებს შორის არსებულ ურთიერთობებზე უარყოფითი გავლენა იქონია.
დროებით საგამოძიებო კომისიას ახსნა-განმარტება 2005-2008 წლებში მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა ვასილ მაღლაფერიძემ მისცა.
მან სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის შექმნის ისტორიაზე ისაუბრა. ვასილ მაღლაფერიძის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ისე იქნა მიღებული, რომ ეს არ იცოდა არც ადგილობრივმა მოსახლეობამ, არც საკრებულომ, არც გუბერნატორმა, არც დეპუტატებმა და არც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.
მან ასევე გაიხსენა 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევამდე რამდენიმე დღით ადრე – 4 ნოემბერს მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის, ივანე მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირი, რომელსაც ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელი პირები და გუბერნატორები ესწრებოდნენ.
ვასილ მაღლაფერიძის განცხადებით, ივანე მერაბიშვილმა დამსწრეებს ოპოზიციასთან და მიტინგის მონაწილეებთან ბრძოლის ტაქტიკა გააცნო. კერძოდ, უნდა შემდგარიყო მიტინგში მონაწილეთა სიები და არც ერთი მათგანი არ უნდა დარჩენილიყო გაულახავი, ძირითადად უნდა ეცემათ მუცელში და თირკმელებში, განსაკუთრებულ შემთხვევებში კი სახეში, ასევე, მიტინგის ზოგიერთი მონაწილისთვის უნდა ჩაედოთ ნარკოტიკი, ოპოზიციის მხარდამჭერ ბიზნესმენებს კი, დავით კეზერაშვილი მიხედავდა.
„ეს იყო ერთადერთი მეთოდი, რომლითაც მათ მართვა შეეძლოთ. მათთვის ტერორი იყო ერთადერთი საშუალება და ტერორით უნდა შეენარჩუნებინათ ვითარება”, – აღნიშნა ვასილ მაღლაფერიძემ.
როგორც დროებით საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა განაცხადა, კომისიის მორიგი სხდომა 30 მაისს გაიმართება.



































































