“დღეს პარლამენტის შენობა გაანიავეთ, 92 ვადაგასული ლოქოს სუნით ყარს იქაურობა”, _ დაწერა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა, რითაც ნიკა მელიასთვის მოსამართლის მიერ შეფარდებულ აღკვეთის ღონისძიებას გამოეხმაურა.
საქართველოს პარლამენტმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერა.
პარლამენტის წევრს ნიკა მელიას საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 25 ივნისს ბრალი წაუყენა. როგორც პროკურორმა განაცხადა მელიას მიმართ გამოიკვეთა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები.
პროკურატურამ საქართველოს პარლამენტს მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნასთან დაკავშირებით გუშინ მიმართა.
21 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი გაიმართა, რომელზეც ითქვა, რომ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების საქმეზე გამოკითხვაზე დაიბარეს ნიკა მელია, გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი. საქმე ეხება 19-20 ივნისის საპროტესტო აქციას.
20 ივნისს ღამით, პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, ბოლოს კი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშალა, ასევე გამოიყენა რეზინის ტყვიები.
რუსთაველის გამზირზე აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა. ამ ფაქტს საპროტესტო აქციების ტალღა და პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომა მოჰყვა.