პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, პრეზიდენტს რიგგარეშე სესიის ჩატარების თხოვნით მიმართა.
როგორც თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, 23 დეკემბრის 12:00 საათიდან პარლამენტი მუშაობას რიგგარეშე სესიებით გააგრძელებს.
„საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, საჭიროა მოვიწვიოთ საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სესია, 2020 წლის 23 დეკემბრიდან.
მოგეხსენებათ, მნიშვნელოვანი საკითხები და გადაწყვეტილებები გვაქვს მისაღები დეკემბრის მომდევნო რიცხვებში, მათ შორის ბიუჯეტი.
სწორედ ამასთან დაკავშირებით რიგგარეშე სესიის მოწვევის მოთხოვნით მივმართავ პრეზიდენტს.
შესაბამისად, 23 დეკემბერს 12:00 საათზე პრეზიდენტის თანხმობით ჩვენ უკვე გვექნება საშუალება, მოვიწვიოთ რიგგარეშე სესია, განვაახლოთ პლენარული სხდომები და მივიღოთ ყველა ის გადაწყვეტილება, რაც წლის ბოლომდე დგას პარლამენტის დღის წესრიგში“, _ განაცხადა თალაკვაძემ და დასძინა, რომ პარლამენტს დატვირთულ რეჟიმში მუშაობა მოუწევს.