„ჩვენი მიზანია იმ ამომრჩევლის მოზიდვა, რომელიც მესამე ძალის ძიებაშია“, _ ასეთი განცხადება გააკეთეს დღეს „ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა ლანჩხუთში სტუმრობისას, სადაც პარტიის ოფისის პრეზენტაცია გაიმართა.
თუმცა, შეხვედრაზე, რომელსაც, ძირითადად, რამდენიმე ათეული რიგითი ლანჩხუთელი ესწრებოდა, არაფერი თქმულა, თუ ვინ იქნებიან ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერები და ვინ უხელმძღვანელებს პარტიას.
„ახლა ვემზადებით ყრილობისთვის, რომლის შემდეგაც მოხდება ადგილებზე თავმჯდომარეებისა და გამგებლობის კანდიდატების იდენტიფიცირება, რაშიც მონაწილებას ჩვენი ადგილობრივი პოლიტაქტივი მიიღებს. დაახლოებით, უახლოესი თვენახევრის განმავლობაში, ყველაფერი ცნობილი იქნება“, _ თქვა „გურია ნიუსთან“ საუბარისას პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ.
„გურია ნიუსის“ ინფორმაციით, „ევროპული საქართველოს“ ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარედ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი ირაკლი მარშანიშვილის კანდიდატურა განიხილება. მარშანიშვილი 2010 წლიდან მოყოლებული მიმდინარე წლის იანვრამდე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რიგებში ირიცხებოდა. იგი სოფელ ჩოჩხათის მკვიდრია და 2011-2012 წლებში ჩოჩხათის ადმინისტრაციულ ერთეულში რწმუნებულის თანაშემწედ მუშაობდა.
გარდა ამისა, „ევროპულ საქართველოს“ რიგებშია მაია კეკელიძეც, რომელიც 2006-2010 წლის მოწვევის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიით მოხვდა. ხოლო შემდეგ საკრებულოს აპარატში იყო დასაქმებული.