სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს, სადაც მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მიერ სოციალურ ქსელში ირაკლი ნადირაძესთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება და მას ცრუსა და დისკრედიტაციულს უწოდებს.
უწყების განმარტებით, მსჯავრდებული ირაკლი ნადირაძე სხვა სამ პირთან ერთად ოთხადგილიან საკანშია განთავსებული. პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ პირობები სრულად შეესაბამება წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) სტანდარტებს, ხოლო ადმინისტრაციისთვის პრეტენზიით არც ნადირაძეს და არც მასთან მყოფ პირებს არ მიუმართავთ.
„მსჯავრდებულ ირაკლი ნადირაძეს დაწესებულების მხრიდან არანაირი შეზღუდვა არ აქვს; ის სარგებლობს როგორც სატელეფონო საუბრის, ისე პაემნის უფლებით და შეუფერხებლად შეუძლია გარე სამყაროსთან კომუნიკაცია“, — აღნიშნულია განცხადებაში.
სპეციალური პენიტენციური სამსახური მოუწოდებს საზოგადოებასა და დაინტერესებულ პირებს, თავი შეიკავონ მსგავსი ცნობების გავრცელებისგან, რადგან, უწყების განცხადებით, ამგვარმა განცხადებებმა შესაძლოა მსჯავრდებულებს შორის უთანხმოება გამოიწვიოს.
ინფორმაციისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში სპეციალური პენიტენციური სამსახურის ქმედებებს მკაცრად აკრიტიკებს და აცხადებს, რომ გლდანის ციხეში კორუფციასთან მებრძოლ პოლიტიკურ პატიმარს, ირაკლი ნადირაძეს საკანში ძალადობრივი დანაშაულისთვის დაკავებული რეციდივისტი შეუსახლეს.
სააკაშვილის მტკიცებით, აღნიშნული ნაბიჯი მიზნად ისახავს ნადირაძის დაშინებასა და ფიზიკურ ზემოქმედებას, ვინაიდან ის „4 ოქტომბრის“ საქმეზე პროკურატურის მოთხოვნების შესრულებაზე უარს ამბობს. პოლიტიკოსი ხელისუფლების წარმომადგენლებს მკაცრი პასუხისმგებლობის შესახებ აფრთხილებს.





































































