მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში ბევრი, მათ შორის განათლებული ქართველიც თვლიდა, რომ ფირალობა ეს იყო გურულის დამახასიათებელი და თანდაყოლილი თვისება. რუსი მოხელეები საკუთარ პატაკებში სიტყვა “გურულს” ყაჩაღს უთანაბრებდნენ. თედო სახოკია წერდა: “…გურიას ერთ ხანს მეტად ცუდი რეპუტაცია ჰქონდა.
ზოგნი, ვინც არ იცნობდნენ აქაურობას, ამბობდნენ: ბუნებაა ისეთი, ყაჩაღობა აქაურების დაბადებითვე თანდაყოლილი თვისებააო. გურული თუ არ სძარცვავს, თუ ვისმე ყელში არ უჭერს და არ აღრჩობს, ისე გული ვერ მოუსვენებსო. ყოველივე ამ ვითომ თანდაყოლილ თვისებით უნდა აეხსნათ, კერძო ფაქტი უეჭველად უნდა განეზოგადებინათ: ერთს რომ რამე სიწუწკე ჩაედინა, უეჭველად ბუკითა და ნაღარით დუნიასთვის უნდა შეეტყობინებინათ: შეხეთ გურულებს, ქვეყანას ძილს უფრთხობენ, მათზე ახი იქნება, სულ ავყრიდეთ აქედანო. კმაროდა, გურულს მარცხად, სრულებით უნებლიედ, რაიმე კანონის საწინააღმდეგო დამართნოდა, მაშინვე ფეხზე დადგებოდნენ ყველანი: არიქა, შეთოკეთ, გაწკეპლეთ, ჩააგდეთ ბნელეთში, მზის სანთელს დაანატრეთ, ეგზეკუცია ჩაუყენეთ ოჯახშიო. არც კი დააცლიდნენ ბოდიში მოეხადნა დამნაშავეს.
ისე გააბოროტებდნენ ლანძღვით, ისე თვალის დახამხამებაში შეჰლახავდნენ მის თავმოყვარეობას, მის წმიდათა-წმიდას, რომ კაცი იძულებული ხდებოდა ფირალად გავარდნილიყო, ე. ი. ისეთ კაცად იქცეოდა, რომლისთვისაც არ არსებობდა, როგორც ფრანგები ამბობენ, არც რჯული არც კანონი, გურული ფირალი უკანასკნელი სისტემის თოფს იყიდდა, პატრონებით დაიტვირთებოდა და გავარდებოდა. საგანი გავარდნისა ორი ჰქონდა: ერთი _ შური ეძია შეურაცხმყოფელთა, და მეორეც _ თავი დაეფარა მდევნელთაგან…”
ირაკლი კალანდარიშვილი ნაკლებად ცნობილ ფირალთა რიცხვს განეკუთვნება, რომელიც უამრავი იყო იმდროინდელ გურიაში და რომელთა სახელი მეხსიერებას არ შემორჩა. ამიტომაც გადავწყვიტე მისი ბიოგრაფიის, როგორც მაგალითის, გამოქვეყნება. კალანდარიშვილი ბევრი სხვა თანამოძმისგან განსხვავებით ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა.
ირაკლი კალანდარიშვილი 1883 წელს დაიბადა. სრულიად ახალგაზრდა ირაკლი ნათლიამ ბათუმში წაიყვანა და მიაბარა ერთ მედუქნეს. კალანდარიშვილმა მზარეულობა შეისწავლა და შემდგომ სასადილო გახსნა ლანჩხუთსა და ბარცხანაში. როგორც ბევრი სხვა ახალგაზრდა, ისიც ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში. კომიტეტის დავალებით მან ერთ რუს ჟანდარმს ესროლა, ის თუმცა გადარჩა, მაგრამ კალანდარიშვილი ბათუმის ციხეში ჩასვეს და კატორღა მიუსაჯეს. მაგრამ ერთი მდიდარი სომეხი ვაჭრის დახმარებით, ის ციხიდან გაიქცა და ფირალად გავარდა. კომიტეტის დავალებით კალანდარიშვილი ბანკებსა და ფოსტას ძარცვავდა. გადმოცემით, ის სხვა წითელ პარტიზნებთან ერთად ნასაკირალის ბრძოლაში მონაწილეობას იღებდა.
ერთხელ კომიტეტმა პრისტავ მიქიაშვილს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. სადამსჯელო ოპერაციიდან წამოსულ მიქიაშვილს და რუს ჯარიკაცებს აცანის გზაზე ჩაუსაფრდნენ ირაკლი კალანდარიშვილი, ალექსი ფირცხალაიშვილი, ბესარიონ ორაგველიძე, ივანე აფხაძე და სხვები. ატყდა სროლა, რომლის დროსაც მიქიაშვილი კალანდარიშვილმა გამოსასალმა სიცოცხლეს, მასთან ერთად ერთი რუსი ჯარისკაციც მოკლეს.
მეორე დღეს ადმინისტრაციამ ძალით მორეკა ხალხი ჯარისკაცის გასვენებაზე, ქალებს კი პროცესიის მსვლელობისას ატირებდნენ. ერთი ქალი, გვარად ნაკაშიძე, თურმე ასე ტიროდა: “ძმაო რუსო, ძმაო რუსო, რა გიტირო რომ არ მსურსო”.
1909 წლის 20 ნოემბრით დათარიღებულ პატაკში ოზურგეთის მაზრის უფროსი პოდპოლკოვნიკი ზაკუსოვი ქუთაისის გენერალ-გუბერნატორს მოახსენებდა: “მიმდინარე წლის 16 ნოემბერს ღამის 11 საათზე, ლანჩხუთის უბნის სოფ. ნიგოითში, ამავე უბნის მამასახლისმა ალექსანდრე ჩიტაიამ, რომელიც მიემართებოდა უბნის კანცელარიისკენ, 40 ნაბიჯის დაშორებით დაიანახა ორი უცნობი პირი. მამასახლისის შეძახილზე “შეჩერდით, ვინ ხართ” უცხო პირებმა რამდენჯერმე გაისროლეს რევოლვერი და ორ ადგილას დაჭრეს მამასახლისი. როგორც სათანადო კვლევამ ცხადყო, პირები, რომლებმაც სასიკვდილოდ დასჭრეს სოფლის სტრაჟნიკი, იყო საშიში მეამბოხე, სოფ. ნიგოითის მკვიდრი პავლე გაბრიელის ძე წილოსანი და ირაკლი ივანეს ძე კალანდარიშვილი. მიღებულია ყოველგვარი ზომები მათ შესაპყრობად”. ე. გოგუაძე გურია მხარის კვლევა_ძიების შედეგები კრებული Ⅲ 2001 წ გვ. 160
კალანდარიშვილს ვერაფერი რომ ვერ მოუხერხეს, დაიქირავეს მკვლელი ვინმე იაკობაი გოგიჩაიშვილი, მაუზერისტი, ნახირის ქურდი და შპიონი (გოგიჩაიშვილმა თავის დროზე გასცა ფირალი დომენტი კვაჭაძე, რისთვისაც “იაკობმა დიდი მადლობა მიიღო… და მეორე დღეს სტრაჟნიკად დააყენა და პაგონები დააკრენ მხრებზედ…” ა. გუნთაიშვილი რვეული # 3 ეს იაკობა ერთხელ მოკვლას უპირებდა მოხუც კაცს, ამ ამბავს შეესწრო აპოლონ გუნთაიშვილი და სასტიკად სცემა, ხანჯალი აართვა და მოკლავდა კიდევაც, ამხანაგები რომ არ ჩარეულიყვნენ. ამის გამო გუნთაიშვილი დააპატიმრეს კიდეც). კალანდარიშვილს ეს აცნობეს და ის ამხანაგ დათუნაიშვილთან ერთად მკვლელს ჩაუსაფრდა. აცანის გზაგზე დასასვენებლად ჩამომჯდარი გოგიჩაიშვილი განაიარაღეს, დათუნაიშვილი მის მოსაკლავად იწევდა, მაგრამ კალანდარიშვილმა არ დაანება, სამაგიეროდ მაუზერის ტყვიები მოსთხოვა. მართლაც, გოგიჩაიშვილი შემდეგ რეგულარულად უგზავნიდა სამალავში ტყვიებს.
მისი ფირალობის დროს ის და მისი ამხანაგი ხანდახან ქალის ტანსაცმელში გამოწყობილი გადაადგილდებოდნენ. ერთხელ პოლიციისთვის მათი ადგილსამყოფელი სულ შემთხვევით პატარა ბიჭის წყალობით გახდა ცნობილი, რომელსაც მეზობლისთვის უთქვამს: “ჩვენთან იმფერი ქალებია, ფეხზე დამდგარი რომ ფსამენო”. ბოლოს მთავრობისაგან შევიწროებული კალანდარიშვილი გადავიდა ჯერ ზემო აჭარაში, შემდეგ თურქეთში, მაგრამ იქაური ჰავა ვერ აიტანა და ისევ აჭარაში დაბრუნდა. ის სამი წლის განმავლობაში ცხოვრობდა ერთ გავლენიან და მდიდარ კაცთან ესე წილოსანთან. დაახლოებით 1911_12 წლებში ის დაბრუნდა გურიაში, გადმოცემით, წასვლისას წილოსანმა მას ერთი ქისა ოქრო უფეშქაშა. გურიაში ის კვიტაიშვილების ოჯახში, ოდას გვერდით მდებარე გომურში იმალებოდა. სახლის პატრონს საჭმელი ღამით დაჰქონდა. ეს ერთხელ შეამჩნია სტუმრად მყოფმა მასპინძლის დამ და ყველაფერი თავის ქმარს შეატყობინა, რომელსაც რაღაც მაღალი პოსტი ეკავა ადმინისტრაციაში. მისი მეოხობით ირაკლი ჩაბარდა მთავრობას, ის ჩაიყვანეს ოზურგეთში, სადაც გუბერნატორს თურმე უთქვამს: ამდენხანს რას ფირალობდი, არაფერი დანაშაული არ გქონია ჩადენილიო. ირაკლი კალანდარიშვილი მთავრობამ შემოირიგა და ის ღრმა მოხუცებული 1971 წელს გარდაიცვალა.
ლეკია კალანდარიშვილის ნაამბობი ჩაიწერა ნონა იმნაძემ.
ავტორი





























































