საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაზა პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ პარტიის პოლიტსაბჭო მთლიანად უნდა შეიცვალოს. როგორც თავად ამბობს, ბიძინა ივანიშვილის დაბრუნების შემდეგ პარტიაში ცვლილებებს ელოდება. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
“ისე ვერ გაგრძელდება, როგორც აქამდე იყო. მე ყოველდღე ველოდები არა ცვლილებებს ცვლილებისთვის, არამედ – აზრიან ცვლილებებს, რომლებიც ვითარებას უკეთესობისკენ შეცვლის, ვინაიდან ეს პოლიტიკა, ვფიქრობ, ცოცხალ დროსთან არის მიბმული. ჩვენ არ უნდა ჩამოვრჩეთ და არ უნდა ჩავვარდეთ სადღაც ჭაობში.
ვფიქრობ, საჭიროა დაკონკრეტდეს, რა პრობლემები გვაქვს, უფრო მკვეთრად უნდა გამოიხატოს პრიორიტეტები. ამ ცვლილებებს მხარს დავუჭერ და აქტიურ მონაწილეობას მივიღებ.თუ რამე არ გამოდის, უნდა ავხსნათ მიზეზი, რატომ არ გამოდის”, – თქვა ზაზა პაპუაშვილმა.
26 აპრილს, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის დაბრუნების შესახებ, პოლიტიკური თანამდებობის პირებმა განაცხადეს, რომ სახელისუფლებო ცვლილებები არ იგეგმებოდა, თუმცა საუბარი კონკრეტულად პოლიტსაბჭოზე არ ყოფილა.
დღეს პარტიის გენერალურმა მდივანმა და დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ქართული ოცნების პოლიტსაბჭოში ცვლილებები იქნება. კერძოდ, პოლიტსაბჭოში, შესაძლოა, წევრების რაოდენობა შემცირდეს.
გუშინ კი ცნობილი გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილი “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის თანამდებობას დაიკავებს.

































































