ჩვენ 2023 წელს ვიწყებთ მინიმუმ 10 ახალი საკურორტო ქალაქისა და დაბის სრულ რეაბილიტაციას. ეს იქნება სრული განახლება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, შეირჩა 10 ახალი საკურორტო ქალაქი, რომლის პრეზენტაცია იქნება რამდენიმე კვირაში.
„რაც შეეხება ტურიზმს, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება ტურიზმის განვითარება. ტურიზმი სწრაფად აღდგა. ოთხ მილიონ მგზავრს მოემსახურა საქართველოს აეროპორტები. ეს არის დაახლოებით 81%-ით მატება, თუ ამას შევადარებთ წინა წელს. 2019 წელს თუ შევადარებთ, 83%-იანი აღდგენა არის. ამ მიმართულებით, ჩვენ გვაქვს 80%-იანი აღდგენა. საავიაციო ბაზარზე ოპერირებდა 37 ავიაკომპანია, რაც 9 ავიაკომპანიით მეტია 2019 წელთან შედარებით. ჩვენ 2023 წელს ვიწყებთ მინიმუმ 10 ახალი საკურორტო ქალაქისა და დაბის სრულ რეაბილიტაციას. ეს იქნება სრული განახლება. რაც ვფიქრობ, ძალიან საინტერესო იქნება ჩვენი ტურისტებისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის. ჩვენ შევარჩიეთ ყველაზე პოპულარული საკურორტო ადგილები. სწორედ ამ მიმართულებით შეირჩა 10 ახალი საკურორტო ქალაქი, რომლის პრეზენტაცია იქნება რამდენიმე კვირაში. ჩვენ ამას დეტალურად წარმოგიდგენთ. ჩვენ ასევე შევისწავლეთ 100-ზე მეტი კლიმატური ბალნეოლოგიური კურორტი, საკურორტო ადგილის განვითარება და პოტენციალი, რომელიც გვინდა, რომ შევთავაზოთ ჩვენსა ადგილობრივ ბიზნესს, ინვესტორებს, 300-მდე კურორტის შესწავლა დამთავრდება 2023 წელს. მოკლე ვადებში, კურორტებსა და საკურორტო ადგილებზე ბიზნესისთვის საინტერესო და მიმზიდველი საინვესტიციო პროექტები იქნება წარმოდგენილი. ასევე ერთ-ერთ უნიკალურ პროექტს ვამუშავებთ, კონცეფციას ვამუშავებთ, რომელიც გულისხმობს პილიგრიმების ბილიკს, ბილიკის განვითარებას წმინდა ნინოს გზა, რომელიც 40 კილომეტრს შეადგენს მაგალითისთვის და რომელიც მოიცავს ფოკა-ბოდბის მარშრუტს, მსგავსი ქრისტიანული პილიგრიმების მარშრუტები მსოფლიოში ძალიან ცნობილი და დიდი პოპულარობით სარგებლობს და გვინდა რომ აღნიშნული პროექტიც განვახორციელოთ. ასევე ვამუშავებთ რამდენიმე კონკრეტული ლოკაციების განვითარებას. მოგეხსენებათ, ჩვენი ქვეყანა მდიდარია ტბებით, წყალსაცავებით, შეირჩა კონკრეტული ლოკაციები, თრიალას ტბები, ნადარბაზევის ტბა, იდუმალი ტბა, ლაკბეს წყალსაცავი, ფარავნის ტბა და ამ მიმართულებით საინტერესო შეთავაზებები გვექნება ბიზნესისთვის.
რამდენიმე თვეში საქართველო წარსდგება ღირსეულად ბერლინში, ტურისტულ გამოფენაზე, ეს არის ITB Berlin. რაც მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ჩვენი ქვეყნისთვის, კიდევ ერთხელ წარმოვაჩინოთ ჩვენი ტურისტული პოტენციალი. აუდიტორია იქნება ძალიან მასშტაბური, 200 000-იანი აუდიტორია იქნება. მათ შორის, 100 000 ბიზნეს ვიზიტორს უმასპინძლებს აღნიშნული გამოფენა და მრავალ მილიონიან სატელევიზიო მაყურებელს ექნება შესაძლებლობა, რომ გაიგოს ჩვენი ქვეყნის პოტენციალის შესახებ”, – განაცხადა პრემიერმა.