საპარლამენტო უმრავლესობამ დღეს პრეზიდენტს სატელევიზიო დებატები შესთავაზა. ეს შეთავაზება გიორგი მარგველაშვილის მიერ გუშინ დებატების მოთხოვნის პასუხად განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მოგვიანებით უმრავლესობის შეთავაზებას პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა უპასუხა. მისი თქმით, ტელედებატებზე უმრავლესობის შეთავაზება “უღირსი და არასერიოზულია”.
ამ თემასთან დაკავშირებით გიორგი აბაშიშვილმა “ქრონიკის” პირდაპირ ეთერში შეკითხვებს უპასუხა. აბაშიშვილის თქმით, სახელმწიფო ინსტიტუტის უპავტიცემულობა არა სხდომათა დარბაზიდან პრეზიდენტის გასვლა, არამედ ის კენჭისყრა იყო, რომელიც გაიმართა. საუბარია ერთჯერადად რეგლამენტის ცვლილებაზე, რათა პრეზიდენტს დებატებში შესვლის შესაძლებლობა ჰქონოდა.
ჟურნალისტმა აბაშიშვილის პარლამენტის თავმჯდომარის მიერ პრეზიდენტის მისამართით გუშინ გაჟღერებულ ორ ბრალდებაზე: შეწყალებებსა და თანხმების არამიზნობრივ ხარჯვაზეც ჰკითხა. ამაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა უპასუხა:
“ექსკლუზიურად თქვენთვის (იმედისთვის) მინდა ვუპასუხო პარლამენტის თავმჯდომარეს და უმრავლესობის წევრებს: საჭიროა მარგველაშვილის ბრალდებებს დაემატოს ორი: 1. მარგველაშვილი ადრეც მონაწილეობდა და მე როგორც ვიცი, ახლაც ბომბეიდან ლონდონამდე გვირაბის გათხრის ნაწილში, ორ მიწის ნაკვეთს ფლობს მარსზე, მთვარეზე კი სასტუმროს აშენებს. 2. რაც შეეხება შეწყალების ნაწილის თემას – ეს არის ქართული ოცნების კარგად დალაგებული შავი პიარი და მინდა მოვუწოდო, რომ მესიჯები შეცვალონ”, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
გუშინ პრეზიდენტი პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანას ითხოვდა, რათა დეპუტატებისთვის დებატების რეჟიმში შესძლებოდა პასუხის გაცემა. ამ მოთხოვნის გაჟღერების შემდეგ, გიორგი მარგველშვილმა სხდომათა დარბაზი დატოვა, რის გამოც პარლამენტარების ნაწილის კრიტიკა გამოიწვია. ოპოზიციის ნაწილი კი კოლეგებსა და თავმჯდომარეს ერთჯერადად, რეგლამენტში ცვლილებას სთხოვდა.
პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებას კენჭი უყარა. 28 დეპუტატმა ცვლილებას მხარი დაუჭირა, 50-მა კი ხმა წინააღმდეგ მისცა. საბოლოოდ, პრეზიდენტს უარი ეთქვა დებატებში შესვლაზე.
წყარო: imedinews