რუსული კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელის, ოლიგარქი ევგენი პრიგოჟინის მიერ გავრცელებულ ანგარიშში წერია, რომ გასულ თვეში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფებსა და ვაგნერელებს შორის შეტაკება მოხდა.
ანგარიშის მიხედვით, შეტაკება 17 მაისს მოხდა, როცა რუსი სამხედროები ვაგნერის უკანდასახევ გზაზე ნაღმებს ათავსებდნენ.
მისი თქმით, ვაგნერელები ამ ტერიტორიის განაღმვით სამუშაოებს ასრულებდნენ, როცა მათი მიმართულებით თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფების პოზიციებიდან ცეცხლი გახსნეს.
“მოგახსენებთ, რომ 17.05.2023-ში კომპანიის თანამშრომლებმა მიიღეს ინფორმაცია, რომ ოპიტნოიესა და ოზარიანოვკას დასახლებული პუნქტების რაიონში შენიშნეს თავდაცვის სამინისტროს ჯგუფები, რომლებიც ნაღმავენ გზას კსკ ვაგნერის ზურგის ზონაში.
დანაღმული ადგილის წინასწარი დათვალიერების შემდეგ, [ვაგნერის გამნაღმველების] ჯგუფები გზის განაღმვას შეუდგნენ, თუმვა მოუწიათ შეეჩერებინათ სამუშაოები, რადგან სემიგორიეს დასახლებული პუნქტის რაიონში, დაახლოებით 15:40-ზე მათი მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან გახსნეს ცეცხლი, თავდაცვის სამინისტროს პოზიციების მხრიდან”. – წერია პრიგოჟინის მიერ გავრცელებულ ანგარიშში.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ სროლის შედეგად მწყობრიდან გამოვიდა ერთი სამხედრო სატვირთო მანქანა, თუმცა არცერთი მებრძოლი არ დაშავებულა. ამავე ცნობით, ვაგნერელებმა რუსეთის შეიარაღებული ძალების პოზიციების მიმართულებით საპასუხო ცეცხლი გახსნეს.
,,ჯგუფები ჩქარობდნენ და გონებაგაფანტულებმა მიიღეს საპასუხო ზომები აგრესიის აღსაკვეთად და შესაკავებლად”,– წერია ანგარიშში.
პრიგოჟინის ცნობით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ამ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობდა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ოფიცერი, 72-ე ცალკეული მოტომსროლელთა ბრიგადის მეთაური, რომელიც იყო ნასვამი და არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
პრიგოჟინმა აღნიშნა, რომ დანაღმვის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და ბევრი ფაქტი არაა საჯარო.
ავტორი