საქართველოს პროკურატურამ რუსთავში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილე პირების, მათ შორის, პარლამენტის წევრის დავით კირკიტაძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ პროკურატურა დავით კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართავს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 24 ოქტომბერს, ქ. რუსთავში, პარტია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან, თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფებოდა ვ.ბ. და პარტია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ განხორციელებულ პოლიტიკას აპროტესტებდა. ასევე აპროტესტებდა დ.კ.-ს მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში.
აღნიშნული პროტესტის გამოხატვისას, ვ.ბ.-სთან და მის თანმხლებ პირებთან პარტია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები მივიდნენ, მათ შორის იმყოფებოდა დ.კ.-ც, რომელმაც მის მიმართ საჯაროდ გამოხატული უარყოფითი დამოკიდებულების გამო, ვ.ბ.-ს და მის თანმხლებ – ო.ყ.-ს მიმართ ძალადობა განახორციელა. მომხდარი კონფლიქტის დროს ვ.ბ.-მ, შ.მ.-მ და ო.ყ.-მ, პოლიტიკური პარტია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი ორი პირის მიმართ განახორციელეს ფიზიკური ძალადობა.
დ.კ.-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი ორი პირის მიმართ) დაიწყო.
ვ.ბ.-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ბ და „გ“ ქვეპუნქტებით (სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი ორი პირის მიმართ და ჯგუფურად) დაიწყო, ხოლო ო.ყ.-ს და შ.მ.-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი ჯგუფურად) დაიწყო”, – წერია პროკურატურის განცხადებაში.
რუსთავის საქალაქო სასამართლომ დაპირისპირებაში მონაწილე სამ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო უკვე შეუფარდა. დავით კირკიტაძის მიმართ კი პროკურატურა აღკვეთის სახით გირაოს გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართავს.
დავით კირკიტაძი თქმით, მისთვის ბრალის წაყენებით ხელს ვერ შეუშლიან მათი გეგმის განხორციელებას რუსთავში და მთელ ქვეყანაში.