დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ პროფესიულ განათლებაში საშუალო საფეხურის ინტერგრაცია ხდება. ამას ითვალისწინებს „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების პაკეტი, რომელიც მთავრობას წარედგინა.
კვირიკაშვილის განცხადებით, ცვლილებები გულისხმობს პროფესიული განათლების ახალი სისტემის შექმნას.
„მოგეხსენებათ, რომ ვიწყებთ სრულიად ახალ ეტაპს ევროპაში არსებული თანამედროვე მოდელების გათვალისწინებით. ეს გახლავთ ძირითადად ავსტრიაში, გერმანიაში, შვეიცარიაში აპრობირებული მოდელები.
პროფესიულ განათლებაში ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის ინტერგრაცია ხდება, ჩნდება ატესტატის მიღებისა და პროფესიული განათლებიდან უმაღლესი განათლების საფეხურზე გადასვლის შესაძლებლობა. ცვლილებები ასევე ქმნის პროფესიული განთლების საფეხურზე მიღებული კრედიტების უმაღლესი განათლების საფეხურზე ჩათვლის შესაძლებლობას.
მოხდება სამუშაოზე დაფუძნებული ანუ ე.წ. დუალური სწავლების ფორმის განსაზღვრა და მისი პრიორიტეტიზაცია. ცვლილებები ასევე აჩენს ერთობლივი და გაცვლითი პროგრამების განხორციელების შესაძლებლობას. ჩამოყალიბდება პროფესიული მომზადებისა და გადამზადების სისტემა არამხოლოდ ახალგაზრდებისთვის, არამედ ზრდასრულებისთვის. განხორიცელდება მრავალფეროვანი საგანამანათლებლო პროგრამები, რომელთა მიზანი ერთ შემთხვევაში შეიძლება იყოს კვალიფიკაციის მინიჭება, მეორე შემთხვევაში ცალკეული კომპეტენციების განვითარება, ცოდნის გაღრმავება გადამზადება და ა.შ.
დაინერგება ინკლუზიური განათლების სისტემური მოდელები. სახელმწიფო პროფესიულ დაწესებულებებს ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების, მათ შორის სწავლის პროცესში შემქნილი პროდუქციის რეალიზაციის მომსახურების გაწევის უფლება მიენიჭებათ“, – აღნიშნა პრემიერმა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ჩამოყალიბდება ასევე, მასწავლებლების მომზადებისა და კარიერული წინსვლის სისტემა. იქმნება ფორმალური და არაფორმალური განათლების აღიარების შესაძლებლობა, რაც მნიშვნელოვანია.
გარდა ამისა, კვირიკაშვილმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელს, მედიისთვის ამ თემაზე ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება და სხდომის დასრულების შემდეგ მედიისთვის განკუთვნილ ოთახში ჩასვლა სთხოვა.
„გურია ნიუსმა“ „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების პაკეტის შესახებ დამატებითი და შედარებით ვრცელი ინფორმაციის მოპოვება განათლების სამინისტროს პრესსამსახურთან სცადა.
თუმცა, ცვლილებების პაკეტის გასაცნობად კანონპროექტის გადახედვა გვირჩიეს და აღნიშნეს, რომ განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ბევრ სატელევიზიო გადაცემაში იქნება სტუმრად და საკითხის შესახებ ისაუბრებს.