ევროკავშირის ელჩი საქართველოში პოლიტიკოსების წერილს გამოეხმაურა, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ეხება. კარლ ჰარცელის თქმით, წერილზე, რომელსაც ევროპარლამენტის დეპუტატები ინდივიდუალურად აწერენ ხელს, კომენტარს არ გააკეთებს. მან ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობაში თვალყურს ადევნებენ ყოფილი პრეზიდენტის საქმეს და გამჭვირვალე და სამართლიან სასამართლო პროცესს ელოდებიან.
„როგორც წესი, ინდივიდუალურ წერილებთან და განცხადებებთან დაკავშირებით კომენტარს არ ვაკეთებთ, რადგანაც ეს მათი პოზიციაა. თუმცა, მინდა ვთქვა, რომ ამ წერილის ხელმომწერები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ევროპარლამენტის მუშაობასა და აღმოსავლეთ პარტნიორობასთან დაკავშირებულ საკითხებში. რაც შეეხება ყოფილი პრეზიდენტის საკითხს, პროცესი, რა თქმა უნდა, გამჭვირვალედ და სამართლიანად უნდა ჩატარდეს. მხედველობაში უნდა იყოს მიღებული სახალხო დამცველის შეფასებებიც, დაცული უნდა იყოს ფუნდამენტური უფლებები, პატიმრობაში ყოფნის პირობები საერთაშორისო სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს“, – აღნიშნა ჰარცელმა.
72-მა პოლიტიკოსმა, მათ შორის ევროპარლამენტარებმა, მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებასთან დაკავშირებით ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ევროკომისიის პრეზიდენტსა და ევროპარლამენტის პრეზიდენტს მიმართა.