ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, სადაც მოსამართლე ციცინო მოსიძე განიხილავს იმ 9 პირის საქმეს, რომელთაც 26 იანვარს ქუთაისში დაახლოებით 30 წუთიანი აქცია გამართეს მოსამართლე მალხაზ ოქროპირაშვილის სახლთან, ადვოკატებმა მოითხოვეს კანონის იმ მუხლის, რომლის მიხედვითაც მოსამართლის სახლთან არაფრის გაპროტესტება არ შეიძლება, ანტიკონსტიტუციურად ცნობა.
ადვოკატთა განმარტებით, ამის საფუძველი კონსტიტუციაა, სადაც წერია შეკრების და მანიფესტაციების გამართვის თავისუფლების შესახებ. მოსამართლე მოსიძემ უარყო ადვოკატთა ეს შუამდგომლობა.
ცნობისთვის, მალხაზ ოქროპირაშვილი ის მოსამართლეა, რომელმაც არ განიხილა მზია ამაღლობელის სააპელაციო საჩივარი უკანონო პატიმრობის შესახებ და იგი ერთ-ერთია იმ ქართველი მოსამართლეებიდან, რომელთა დასანქცირებაც ამერიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა მოითხოვა.































































