თაფლი, დინდგელი, ყვავილის მტვერი, ცვილი და მეფუტკრეობის სხვა პროდუქტი უძველესი დროიდან გამოიყენება მედიცინაში. ჭეოს სამკურნალო თვისებები კი სულ ცოტა ხნის წინ აღმოაჩინეს.
ჭეო – ფუტკრის პური, მტვერია, რომელსაც ფუტკარი აგროვებს და ათავსებს ფიჭის უჯრედებში. მცენარეული (მტვრის მარცვლები) და ცხოველური (თვით ფუტკრები) ფერმენტების, ბაქტერიებისა და საფუარის სოკოს ზემოქმედებით მტვერში იზრდება რძის მჟავის შემცველობა, რომელიც აკონსერვებს ამ საკვებ ცილოვან-ლიპიდურ ნარევს. სწორედ მას ჭამენ ფუტკრები, ეს მათი პურია. ფუტკარი უთაფლოდ ძლებს, ჭეოს გარეშე კი იღუპება.
ყვავილის მტვრისგან განსხვავებით (რომელიც დიდი ხანია იყიდება) ჭეოს ძალიან ადვილად ითვისებს ორგანიზმი. ასეთი ბიოლოგიური აქტიურობა არც ერთ ნატურალურ პროდუქტს არ გააჩნია. ჭეოში 20-ჯერ მეტი ვიტამინია, ვიდრე სტაფილოში. “ფუტკრის პური” შეიცავს პრაქტიკულად ყველა ვიტამინს, ცილებს, მინერალურ მარილებს, ანტიმიკრობული თვისებების მქონე ფერმენტებს, ფიტოჰორმონებს, ამინომჟავებს – სულ 240 ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებას. ჭეო მეფუტკრეობის ერთ-ერთი არაალერგიული პროდუქტია.
დღეში 6-7ც (10გ) მომწარო გემოს ჭეოს ძალიან პატარა ყავისფერი მარცვლის მიღება ორგანიზმს ამდიდრებს ყველა სასარგებლო ნივთიერებით, აუმჯობესებს სისხლის შემადგენლობას, ამაღლებს იმუნიტეტს. ვირუსული დაავადების დროს ჭეოს დოზა ორჯერ უნდა გაზარდოთ.
განსაკუთრებით ეფექტიანია ჭეოს მიღება ანემიის დროს – 2-3 კვირაში ჰემოგლობინის დონე ნორმამდე ადის. ფუტკრის პურით ასევე მკურნალობენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ნერვული და ენდოკრინული სისტემების დაავადებებს, მეხსიერების დაკარგვას, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევას, ჰიპერტონიას, პროსტატიტის პროფილაქტიკისთვის საკმარისია დღეში 5-10 გ ჭეოს მიღება.
ამ ნივთიერებით შეიძლება შევებრძოლოთ სიბერეს. ჭეო გასრისეთ კვერცხის გულში ან თაფლში და კვირაში 1-2-ჯერ წაისვით სახეზე.
მეფუტკრეებს მიაჩნიათ, რომ ორგანიზმი ითვისებს ჭეოს მხოლოდ აუცილებელ რაოდენობას. გახსოვდეთ, მისმა რეგულარულად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერვიტამინოზი, დააზიანოს ღვიძლი, თირკმლები, ელენთა. ასევე არარეკომენდებულია მისი მიღება ძილის წინ.