შინაგან საქმეთა სამინისტროს სანაგნებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველი, სამოქალაქო უსაფრთხოების უმცროსი ლეიტენანტი დიტო მულაძე ვეტერან ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედალოსანი გახდა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, პოლონეთში, ქალაქ კრაკოვში 30 წლიდან 40 წლამდე კატეგორიაში გამართულ ფინალურ ტურნირში დიტო მულაძემ ბრიტანელი სპორტსმენი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
სამოქალაქო უსაფრთხოების უმცროს ლეიტენანტს სპორტული წარმატება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თეიმურაზ მღებრიშვილმა და სახანძრო სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსმა დავით სუხიშვილმა პირადად მიულოცეს.
სამსახურის უფროსმა ვეტერან სპორტსმენს და მეხანძრე-მაშველ დიტო მულაძეს სამსახურის სახელით მხარდაჭერა გამოუცხადა და სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.