ოზურგეთის ბაზარში, დღეისთვის, ერთი კილოგრამი გაუსუფთავებელი „ხამსა“, იგივე ქაფშია, ექვსი ლარი ღირს, ხოლო გასუფთავებული და შესაწვავად გამზადებული-ათი ლარი.
ამავდროულად, დაიკლო ყველის ფასმაც (14-15 ლარი ღირდა საახალწლოდ) და ერთი კილოგრამის ყიდვა 10-12 ლარად არის შესაძლებელი.
_ქაფშიეს და ყველის ფასი კი დაეტაკა ერთმანეთს, მარა რაფერც გამიგია, თევზის და ყველის ერთად ჭამა არასასურველი და საზიანოც კია. ამიტომ, თუ მე მკითხავთ, ორივე არ შეიძინოთ, ყველი იყიდეთ მაგ ლიფსიტების ყიდვას, – დილაადრიანად ხუმრობს ყველის გამყიდველი კარლო ვასაძე.
თავის მხრივ, „ხამსას“ გამყიდველბი ეპატიჟებიან კლიენტს, გარჩევას გადავყევით და ათი ლარის გადახდა ერთ კილოგრამში ნუ დაგენანებათო…
მოკლედ, დღეისთვის ქაფშიამ დაიფასა თავი ოზურგეთის ბაზარში და ხვალ რა იქნება, არ ვიცით. ეგაა, თევზით მოვაჭრე ქალბატონებმა ინფორმაცია კი მოგვაწოდეს, გუშინ ძალიან ძლიერი ღელვა ყოფილა, „ხამსა“ ვერ დაუჭერიათ და ან საერთოდ არ იქნება ბაზარში, ან უფრო გძვირდებაო.