„ქართულმა ოცნებამ“ სენაკში რეპრესიები დაიწყო და ისინი ბიზნეს-სექტორის წარმომადგნელებს აიძულებენ, თანხის ჩარიცხვას პარტიის ფონდში“, _ ამის შესახებ ჟურნალისტებს სენაკის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა აპოლონ (გიგა) გარუჩავამ განუცხადა.
„სენაკში „ქართულმა ოცნებამ“ უკვე დაიწყო რეპრესიები. კონკრეტულად, ისინი ავიწროებენ ბიზნეს-სექტორს. არის იძულებით დაბარებები და არის მოთხოვნები, რომ მათ თანხა შესწირონ „ქართული ოცნების“ ფონდს.
ჩემი ძმის მაგალითზე მოგიყვებით _ გუშინწინ ჩემი ძმა იყო დაბარებული, რომ ერთ-ერთ შეხვედრას დასწრებოდა, რომელიც ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებთან ხდებოდა. ზაზა ნაჭყებიამ მას მოსთხოვა, „ქართული ოცნების“ ფონდში ჩაერიცხა თანხა“, _ თქვა გარუჩავამ.
ასევე, გარუჩავას თქმით, მის რძალს აიძულებენ, მოიხსნას კანდიდატურა ქალაქის მაჟორიტარულ ოლქში.
ბრალდებას აბსურდულს უწოდებს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ნაჭყებია და თემაზე ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს.