აგვისტოს ომიდან 12 წელი გავიდა.
„გურია ნიუსი“ დაინტერესდა რა ღონისძიებებია დაგეგმილი 8 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ჩოხატაურელი გმირების ხსოვნისადმი პატივსაცემად.
როგორც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიაში გვითხრეს, 11:30 სთ-ზე გმირებისადმი მიძღვნილ პანაშვიდს გადაიხდიან წმ. ანასა და იოაკიმეს სახელობის ტაძარში. პანაშვიდს გადაიხდის დეკანოზი მამა თომა.
12:00-სთ-ზე კი რუსეთ- საქართველოს ომში დაღუპულ ჩოხატაურელთა საფლავებს მიაგებენ პატივს.
კერძოდ, კაპიტან მერაბ ახობაძის საფლავს (ფარცხმის ტერიტორიული ორგანო), სერჟანტ ფილიპე (ლერი) მგალობლიშვილისას (ერკეთის ტერ. ორგანო), კაპრალ მურთაზ ირემაძისას (ზოტის ტერიტორიული ორგანო).
შეგახსენებთ, რომ ომი 2008 წლის 7 აგვისტოს, ქართულ ჯარებსა და რუსი სამხედროებით ზურგგამაგრებულ ოს სეპარატისტთა შორის კონფლიქტით დაიწყო ცხინვალის რეგიონში. ოსური დასახლებების მხრიდან, რამდენიმე დღის, განმავლობაში მიმდინარე განუწყვეტელი საარტილერიო სროლების შემდეგ, 7 აგვისტოს, საქართველომ სამხედრო ოპერაცია დაიწყო ქალაქ ცხინვალის ასაღებად.
რუსებისა და ოსების ჯარები ქართველებს ცხინვალის ბრძოლაში სამი დღე ებრძოდნენ, რაც ომის ყველაზე დიდი და გადამწყვეტი ბრძოლა იყო.
რუსულმა გემებმა საქართველოს შავიზღვისპირეთი დაბლოკეს და სახმელეთო ჯარები და პარაშუტისტები გადმოსხეს დასავლეთ საქართველოში.
აგვისტოს ომმა 162 ქართველი სამხედრო მოსამსახურე შეიწირა _ მათ შორის 9 გურიიდან იყო, კერძოდ ჩოხატაურიდან კი 3.

































































