საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილეების პრემია-დანამატებმა, 2016 წელს, ჯამში, 26 200 ლარი შეადგინა. აქედან პრემია-დანამატი მოქმედ მოადგილეებს, ჯამში, 19 400 ლარი, ხოლო ყოფილ პირველ მოადგილეს 6800 ლარის ოდენობით აქვს მიღებული.
აღნიშნულის შესახებ „გურია ნიუსს“ ჩვენს მიერ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის პასუხად ომბუდსმენის აპარატიდან აცნობეს.
აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველის პირველი მოადგილის და მოადგილის თანამდებობაზე გასულ წელს ცვლილებები განხორციელდა. კერძოდ, 2016 წლის 21 ივლისანმდე პირველი მოადგილის თანამდებობას პაატა ბელთაძე იკავებდა, ხოლო სახალხო დამცველის მოადგილე ნათია კაციტაძე იყო. მოგვიანებით, 2016 წლის 21 ივლისიდან, ბელთაძის თანამდებობის დატოვების შემდეგ, ნათია კაციტაძე პირველ მოადგილედ გადაინიშნა, ხოლო უჩა ნანუაშვილის მოადგილის პოსტი ეკა სხილაძემ დაიკავა.
რაც შეეხება მოადგილეების პრემია-დანამატებს, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საერთო ჯამში, სამივე მოადგილეზე, ომბუდსმენის აპარატის ბიუჯეტიდან 26 200 ლარია გაცემული.
აქვე აღვნიშნავთ იმასაც, რომ უჩა ნანუაშვილის პირველ მოადგილეს პაატა ბელთაძეს, რომელიც ნათია კაციტაძის დანიშვნამდე ამ თანამდებობას იკავებდა 6300 ლარის დანამატი და 500 ლარის პრემია აქვს მიღებული (ჯამში 6800 ლარი). მათ შორის, ბელთაძემ დანამატი თანამდებობის დატოვებამდე ერთი თვით ადრე, ივნისშიც მიიღო – 3150 ლარი, ამდენივე თანხა აქვს მიღებული მარტშიც. ხოლო პრემია 500 ლარის ოდენობით აპრილში მიუღია.
„გურია ნიუსისთვის“ მოწოდებული დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ მოადგილის პოსტზე ნათია კაციტაძეს დანამატი ორჯერ მარტში და ივნისში 3000-3000ლარის ოდენობით აქვს მიღებული ხოლო პრემია ერთხელ, აპრილში 500 ლარის ოდენობით.
რაც შეეხება პირველი მოადგილის პოსტზე გადანიშვნის შემდეგ მიღებულ პრემია-დანამატებს, როგორც ჩვენთვის მოწოდებული დოკუმენტაციიდან ირკვევა, ნათია კაციტაძეს დანამატი მიღებული არ აქვს, ხოლო პრემია ორჯერ – აგვისტოსა და დეკემბერში მიიღო. აგვისტოში _ 300 ლარი, ხოლო დეკემბერში 6300 ლარის ოდენობით.
საერთო ჯამში, ნათია კაციტაძეს, სახალხო დამცველის ოფისიდან პრემია-დანამატების სახით (როგორც მოადგილის, ასევე პირველი მოადგილის პოსტისთვის) 13 100ლარიაქვს მიღებული.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ნათია კაციტაძის ყოველთვიური ანაზღაურება 2016 წლის ივლისამდე 6000 ლარი, ხოლო ივლისიდან, პირველი მოადგილის პოსტის დაკავების შემდეგ, 6300 ლარია. რაც საერთო ჯამში 73 500ლარია, პრემია-დანამატებიდანად მიღებულმა თანხამ კი, გასულ წელს, 86 600ლარი შეადგინა.
რაც შეეხება სახალხო დამცველის მოადგილეს ეკა სხილაძეს, რომელიც ნათია კაციტაძის პირველ მოადგილედ გადანიშვნის შემდეგ, ამ თანამდებობას 2016 წლის 21 ივლისიდან იკავებს, ჯამში პრემია-დანამატის სახით პრემია ორჯერ აქვს მიღებული – აგვისტოში – 300 ლარის, ხოლო დეკემბერში 6000 ლარის ოდენობით. რაც ჯამში 6300 ლარია.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ სახალხო დამცველის მოადგილის პოსტიდან ეკა სხილაძეს ხელფასის სახით, 30 000ლარი აქვს მიღებული (მისი ყოველთვიური ანაზღაურება 6000 ლარია)
ცნობისთვის, ნათია კაციტაძესა და ეკა სხილაძეს პრემია დანამატები 2017 წლის იანვარ-თებერვალში მიღებული არ აქვთ.
„გურია ნიუსი“ მოგვიანებით შემოგთავაზებთ, რა ოდენობის თანხებია დახარჯული სახალხო დამცველის, მისი მოადგილეების და აპარატის თანამშრომლების მივლინებებზე.
ამავე თემაზე:
რამდენი ათასი ლარის პრემია-დანამატი მიიღო სახალხო დამცველმა