უცხო ქვეყანაში გაცემული მინდობილობის საფუძველზე დადებული გარიგების დამოწმების ახალი წესი ამოქმედდა.
როგორც საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, 24 ოქტომბრიდან, თუ გარიგება უცხო ქვეყანაში გაცემული მინდობილობის საფუძველზე ფორმდება და ამ გარიგებით გათვალისწინებული უფლება საჯარო რეესტრში რეგისტრაციას ექვემდებარება, დაინტერესებულმა პირმა ჯერ ნოტარიუსს უნდა მიმართოს.
“ასეთი გარიგება საჯარო სანოტარო აქტის ფორმით დამოწმდება, რის შემდეგაც, დაინტერესებული პირი სანოტარო წესით დამოწმებულ გარიგებას საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მიზნით, იუსტიციის სახლში წარადგენს.
საჯარო სანოტარო აქტის ფორმით დამოწმებას, ასევე, ექვემდებარება ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) მონაწილეობით დადებული ისეთი გარიგებებიც, რომელთა საფუძველზე წარმოშობილი უფლება საჯარო რეესტრში უნდა დარეგისტრირდეს.
ახალი რეგულირება გავრცელდება საჯარო რეესტრში მიმდინარე სარეგისტრაციო წარმოებებზეც, რომლებთან დაკავშირებით შემაჯამებელი გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
ცვლილების მიზანია სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის კიდევ მეტად განმტკიცება და კერძო მესაკუთრეების ქონებრივი უფლებების უკეთ დაცვა”,_ ნათქვამია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.