ოზურგეთს ახალი მერი ჰყავს _ კონსტანტინე შარაშენიძე, რომელმაც არჩევნებში „ქართული ოცნების” კანდიდატი დაამარცხა. ახლა მმართველი გუნდის მორიგი პრობლემა საკრებულოს სიტუაციის დალაგებაა.
ამ საკითხზე გუშინ, გვიან ღამით, გურიის გუბერნიის შენობაში ოზურგეთის საკრებულოს წევრებთან შეხვედრა გამართა გურიის გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ და ოზურგეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა არჩილ თალაკვაძემ.
“გურია ნიუსის” წყაროს ინფორმაციით, ახლა ყველა იმ დეპუტატის გადაბირება ხდება, რომლებიც შარაშენიძის მომხრედ მოიაზრებიან, თუმცა, როგორც ჩვენი წყარო ამბობს, უკან არც შარაშენიძე იხევს და ისიც ცდილობს რაც შეიძლება, მეტი დეპუტატი მოიმხროს.
ოზურგეთელები არ გამორიცხავენ, რომ ახალი საკრებულოს პირველი სხდომა, რომელიც დეკემბრის პირველ რიცხვებში გაიმართება, ისეთივე სკანდალური და ხმაურიანი აღმოჩნდეს, როგორიც ეს კოტე შარაშენიძის გამგებლობის პერიოდში იყო, როცა საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი ავთანდილ სურგულაძემ დაიკავა _ მაშინ ოზურგეთის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე ხვდებოდა დეპუტატებს და დიმიტრი კვერღელიძის სასარგებლოდ სთხოვდა გადაწყვეტილების მიღებას.
კულუარული ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეობა დავით დარჩიას და შოთა გოგიბერიძეს სურთ, ხოლო ხოლო მოადგილეობის პოსტის დასაკავებლად ლელა საჯაია და გიორგი ღურჯუმლიძე იბრძვიან.
შოთა გოგიბერიძე “გურია ნიუსთან” საუბარში არ უარყოფს ინფორმაციას, რომ მას საკრებულოს თავმჯდომარეობა სურს:
_ რეალურად “ოცნებას” ჰყავს ძალიან ბევრი მხარდამჭერი საკრებულოში. ვაღიაროთ, უნდა ამ პარტიამ გაიმარჯვა _ ჩვენ მის კონკრეტულ კანდიდატს ვებრძოდით, თორემ “ოცნებას” კი არა. ვერ გეტყვით, რა მოხდება, არც კულუარული შეხვედრების შესახებ მაქვს ინფორმაცია _ ეს არის აბსოლუტურად პოლიტიკური თემა, რომელსაც ჩვენ ლოგიკურად მივყვებით. თუ მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომ გავხდე თავმჯდომარე, მივესალმები _ კარგი იურისტი ვარ, გამოვადგებოდი ჩემს ოზურგეთს, სხვა რა გითხრათ, _ ამბობს გოგიბერიძე.
ჩვენ კომენტარის მოპოვება დავით დარჩიასგანაც ვცადეთ, თუმცა, მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.
ლელა საჯაიამ და გიორგი ღურჯუმელიძემ უარყვეს ინფორმაცია, რომ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეობასთან დაკავშირებით, ერთმანეთთან რაიმე დაპირისპირება ჰქონდეთ.
“გურია ნიუსი” დაუკავშირდა სოფლების დეპუტატებს, რომელთა უმრავლესობამ დაადასტურა ინფორმაცია, რომ მათ ნამდვილად შეხვდა მაჟორიტარი დეპუტატი არჩილ თალაკვაძე, ხოლო რაც შეეხება შეხვედრის დეტალებს, განმარტეს, რომ საუბარი იყო სამომავლო გეგმებზე, ბიუჯეტზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და კოორდინაციაზე.
არჩილ თალაკვაძემ კომენტარის გაკეთება არ ისურვა და ასეთი მესიჯი მოგვწერა: “გიპასუხებენ შეხვედრის დამსწრეები _ დავით დარჩია ან გიორგი ღურჯუმელიძე”.
გიორგიმ ღურჯუმელიძემ დაადასტურა ინფორმაცია საკრებულოს დეპუტატების დაბარებასთან დაკავშირებით და განმარტა, რომ ეს იყო ჩვეულებრივი შეხვედრა, სადაც დასახეს სამომავლო სტრატეგია, განიხილეს სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები.