“2018-2019 სასწავლო წლიდან, სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული სკოლის გამოსაშვები (ე. წ. CAT-ის) გამოცდები მე-11 და მე-12 კლასებისთვის მოიხსნა.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, იმისთვის, რომ მოსწავლემ აიღოს ატესტატი, უნდა ჰქონდეს ყველა საგანში დადებითი შეფასება, ხუთი ან მეტი ქულა.
“მოსწავლეები, რომლებიც ე. წ. CAT-ის გამოცდებზე ჩაიჭრნენ ან არ/ვერ გავიდნენ, ატესტატის აღებას შეძლებენ, თუკი ყველა საგანში დადებითი შეფასება, 5 ან მეტი ქულა აქვთ.
კლასის დაძლევის ან გაცდენების ექსტერნის გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მოსწავლეები ატესტატის აღებას შეძლებენ, თუკი ყველა საგანში დადებითი შეფასება, 5 ან მეტი ქულა აქვთ.
ატესტატს გასცემს სერვისების განვითარების სააგენტო კანონში შესაბამისი ცვლილების ამოქმედების შემდეგ. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია მოგვიანებით გამოქვეყნდება.
სკოლადამთავრებულებს, რომლებიც მოიპოვებენ ატესტატს, უფლება ექნებათ გაიარონ რეგისტრაცია პროფესიული ან უმაღლესი განათლების მიღების მიზნით როგორც 2019 წელს, ასევე შემდგომ წლებშიც.
ეროვნულ დონეზე საგამოცდო რეგისტრაციის ვადები გამოცხადდება დადგენილი წესით”, _ აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.