იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, თუ რა სიახლეებს გულისხმობს მეწარმეთა შესახებ ახალი კანონპროექტი
„ამ პროექტზე, რა თქმა უნდა, ვიმუშავეთ თავად ბიზნესასოციაციებთან, საჯარო რეესტრსა და მის რეგისტრატორებთან და დაინტერესებულ უწყებებთან იმისთვის, რომ შეგვეთავაზებინა ევროპული სტანდარტის კანონის პროექტი ჩვენი საზოგადოებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ძალიან ბევრი ახალი რეგულაცია შემოდის, რომელიც არასავალდებულო ხასიათისაა, ანუ დისპოზიციურია, მაგრამ ხელმძღვანელობას გაუწევს როგორც მეწარმეებს, ასევე, მოსამართლეებს – დავის შემთხვევაში. რა საკვირველია, არის იმპერატიული ნორმებიც, მაგრამ ამ კანონით იქმნება სრულიად თავისუფალი, რეგულირებული და განჭვრეტადი ატმოსფერო და ბიზნესკლიმატი კიდევ უფრო უნდა გაუმჯობესდეს. თითოეული თავი ეთმობა, სათანადოდ, სხვადასხვა სამართლებრივი ფორმის სამეწარმეო ორგანიზაციებს, იქნება ეს სააქციო საზოგადოება, შპს, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, კოოპერატივი თუ კომანდიტური საზოგადოება. ასევე, შემოდის სხვადასხვა ევროპული სტანდარტი, მათ შორის, სადამფუძნებლო დოკუმენტების საჯარო რეესტრში წარდგენის მიმართულბით. ესაა მასშტაბური რეფორმა, ესაა ის რეფორმა, რომელსაც არა მხოლოდ დარგობრივი უწყებები, ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროები, არამედ – ჩვენი ბიზნესმენებიც, მრავალი წელია, ელოდნენ და 2013 წელს, მათთან ერთად დაწყებული ეს პროცესი დღეს დასრულდა. ამ კანონის პროექტში ევროკავშირის დირექტივებიცაა გადმოტანილი, ანუ, ტრანსპოზიცია სახეზეა, ამმ კანონპროექტს გავლილი აქვს რეგულირების შეფასების ანალიზი და ის, ორი კვირით, გამოქვეყნდება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეზე. მიუხედავად მუშაობის 7-წლიანი პროცესისა, მინდა, ყველას შევთავაზო ბოლო კომენტარების გამოთქმა, მაცნეს მეშვეობით, სანამ მის წარდგენასა და დაცვას დავიწყებთ საკანონმდებლო ორგანოში“ – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
პარლამენტის მიერ პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, ახალი რეგულაციები ძალაში 2021 წლის 1-ლი იანვრიდან შევა.