მცხეთა-მთიანეთის ახალ გუბერნატორს, ლევან ზაუტაშვილს, რომელიც დღეს დაინიშნა, პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსთვის” სოლიდური თანხა აქვს შეწირული.
აღნიშნულის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა.
კერძოდ, 6 თვის წინ, 2016 წლის 7 დეკემბერს, ზაუტაშვილს მმართველი პარტიისთვის 35 000 ლარი შეუწირავს.
ლევან ზაუტაშვილი 2013-2017 წლებში იყო „კასტელ ჯორჯიას” გენერალური დირექტორი, მუშაობდა მსოფლიო ბანკის პროექტებში;
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ახალ გუბერნატორს დამთავრებული აქვს ინდიანაპოლისის შტატის საერთაშორისო უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. ის გუბერნატორის პოსტზე საქმიანობას დღეიდან შეუდგება.