ოზურგეთის მერის პირველი მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე “ოცნების” პრემიერმა ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო რწმუნებულად დანიშნა.
ღურჯუმელიძის გაგუბერნატორებას “ნაციონალურ მოძრაობის” რეგიონულ ორგანიზაციაში ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ ღურჯუმელიძის სტატუსს არ აღიარებენ.
“მოგეხსენებათ, 7 მაისს საქართველოს არაღიარებული (დასანქცირებული) პარლამენტის მიერ დანიშნულმა (ასევე დასანქცირებულმა) პრემიერად წოდებულმა კობახიძემ, რომლის ლეგიტიმურობა დღემდე არ უღიარებია ცივილიზებულ სამყაროს, გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულად (გუბერნატორად ) დანიშნა გიორგი ღურჯუმელიძე.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გურიის რეგიონული ორგანიზაცია არ აღიარებს გიორგი ღურჯუმელიძის სტატუსს.
სამწუხაროა, რომ გურიის სინამდვილეში პირველად გვყავს არალეგიტიმური, არაღიარებული, დასანქცირებული მთავრობის მიერ დანიშნული ე.წ სახელმწიფო რწმუნებული (გუბერნატორი).
ეს მისი არჩევანია“, _ წერია პარტიის რეგიონული ორგანიზაციის განცხადებაში.
ღურჯუმელიძის სახელმწიფო რწმუნებულად დანიშვნას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი დავით შარაშიძე:
“მინდა მადლობა ვუთხრა გიორგი ურუშაძეს. 4 წლის განმავლობაში ერთად მუშაობით, ჩოხატაურში ძალიან ბევრი წარმატებული პროექტი გავახორციელეთ.
ასევე, მინდა წარმატებები ვუსურვო ახალ სახელმწიფო რწმუნებულს გურიის მხარეში გიორგი ღურჯუმელიძეს, ძალიან გამოცდილ, კვალიფიცირებულ საჯარო მოხელეს, რომელიც დიდი ხანია ემსახურება საზოგადოებას.
წინ ბევრი საქმე და დიდი გამოწვევებია, დარწმუნებული ვარ, რომ ერთად ბევრ საინტერესო საქმეს გავაკეთებთ ჩვენი ჩოხატაურისთვის, გურიისთვის და საზოგადოებისთვის“, _ დაწერა შარაშიძემ.
შარაშიძისგან რადიკალურად განსხვავებული მოსაზრება აქვს ჩოხატაურის საკრებულოს წევრს, “კოალიცია ცვლილებებისთვის” ბაჩო ახალაძეს:
“გიორგი ღურჯუმელიძის სახელმწიფო რწმუნებულად დანიშვნა უფრო მეტ კითხვას ბადებს, ვიდრე პასუხს იძლევა.
ეს გადაწყვეტილება, ერთი შეხედვით, არ ეფუძნება პროფესიონალიზმსა და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებას.
მსგავსი დანიშვნები ხშირად ასახავს კლანურ ინტერესებს და არა რეალურ საჭიროებებს რეგიონში.
საზოგადოებას სჭირდება მართვის სისტემაში ახალი, გამოცდილი და დამოუკიდებელი ადამიანები, რომლებიც მოახდენენ რეალურ ცვლილებებს და არ გახდებიან მმართველი ძალის მორიგი ბერკეტი.
ღურჯუმელიძის ბიოგრაფიიდან რთულია დავინახოთ ის ხედვა ან გამოცდილება, რაც საჭირო იქნება რეგიონული განვითარების გასაძლიერებლად“, _ გვეუბნება ახალაძე.
ჩვენს კითხვაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს რეგიონის განვითარების გასაძლიერებლად, ახალაძე გვპასუხობს:
_ ეფექტური მმართველობა და გამჭვირვალობა _ აუცილებელია რეალური მონაწილეობითი მმართველობის დანერგვა: ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რაში იხარჯება ბიუჯეტი და თავადაც მონაწილეობდნენ განვითარების გეგმების შედგენაში.
ასევე, ტურიზმის მიმართულებით, სოფლის მეურნეობის მიმართულებით ძირეული რეფორმებია საჭირო.
ინფრასტრუქტურის განვითარება, განათლების ხელშეწყობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რათა ახალგაზრდები დარჩნენ რეგიონში _ იცლება გურია!
გიორგი ღურჯუმელიძის სახელმწიფო რწმუნებულად დანიშვნას განცხადებით გამოეხმაურა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძეც.
“საქართველოს პრემიერ–მინისტრის გადაწყვეტილებით გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულად გიორგი ღურჯუმელიძე დაინიშნა.
გიორგისთან დიდი ხნის მეგობრობა და თანამშრომლობის პოზიტიური გამოცდილება მაკავშირებს. ის თვითმმართველობის სფეროში თანამედროვე გამოცდილების მქონე, განათლებული, ნიჭიერი და შრომისმოყვარე ადამიანია.
წარმატებებს ვუსურვებ ახალ პოზიციაზე! დარწმუნებული ვარ მისი საქმიანობა გამორჩეულად შედეგიანი იქნება გურიისთვის!” _ წერს ავთანდილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში.
ოზურგეთის საკრებულოს წევრი და პარტია “გახარია საქართველოსთვის” ლიდერი ალეკო ბურჭულაძე, ჩვენს კითხვაზე, თუ როგორ აფასებს კობახიძის გადაწყვეტილებას გიორგი ღურჯუმელიძის სახელმწიფო რწმუნებულად დანიშვნის შესახებ, გვპასუხობს:
“მთავრობის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება უნდა ემსახურებოდეს ქვეყნისა და მისი ხალხის კეთილდღეობას. თუ ცვლილებები შედეგზე ორიენტირებული არ არის, მაშინ ეს უბრალოდ თანამდებობაზე პიროვნების ცვლილებაა და სხვა არაფერი.
პირადად მე გიორგი ღურჯუმელიძეზე ცუდი არაფერი მაქვს სათქმელი, პირიქით _ როგორც ერთი ადამიანი, კარგი ადამიანია. მაგრამ, სამწუხაროდ, ეს საკმარისი არ არის იმ დიდი გამოწვევების დროს, რაც საქართველოს წინაშე დგას…
ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით ახალი გუბერნატორის საქმიანობას. მიუხედავად იმისა, რომ მისი დანიშვნა ასახავს მმართველი პარტიისთვის დამახასიათებელ პარტიულ მიდგომას, ვიმედოვნებთ, რომ ის უფრო მეტად დაინტერესდება გურიის მოსახლეობის ინტერესებით და არა მხოლოდ პარტიული სტრუქტურის მოთხოვნებით. თუმცა, გამოცდილება აჩვენებს, რომ ასეთი დანიშვნები იშვიათად იწვევს რეალურ შედეგებს“, _ ამბობს ბურჭულაძე.
ცნობისთვის, გურიის სახელმწიფო რწმუნებულის გარდა, კობახიძემ ახალი სახელმწიფო რწმუნებულები მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებშიც დანიშნა.
მისი გადაწყვეტილებით, მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობა _ ალექსანდრე ზაგაშვილმა, შიდა ქართლში _ სიმონ გულედანმა, სამცხე-ჯავახეთში _ ზაალ გელაშვილმა, გურიაში _ გიორგი ღურჯუმელიძემ, ხოლო ქვემო ქართლში _ ლევან ხარაბაძემ დაიკავეს.
ავტორი