ადგილობრივების თქმით, დაბა ნასაკირალში 65 წლამდე ასაკის ქალი, მ.გ.-ძე მოკლეს. სავარაუდოდ, მკვლელობა გუშინ ღამით მოხდა. მოკლულს მეუღლე და ორი შვილი ჰყავს, თუმცა შემთხვევის დროს ის სახლში მარტო იმყოფებოდა.
„ძალიან წესიერი ოჯახია, საუკეთესო ადამიანი იყო და მთელი ნასაკირალი შოკში ვართ. ზუსტად არავინ იცის, რა მოხდა და რა გახდა მკვლელობის მიზეზი“, — აცხადებს დაბა ნასაკირალის ერთ-ერთი მცხოვრები.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაახლოებით ორი დღის წინ მ.გ.-ძემ თხილი ჩააბარა. მომხდარის შესახებ ადგილობრივებისთვის ცნობილი დღეს გახდა.
„გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ამ დროისთვის ადგილზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. გამოკითხვაზე იმყოფებიან მოკლულის მეზობლები და ახლობლები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ავტორი


































































