აბასთუმნის ფილტვის ცენტრში კარანტინში მყოფი პირი იქ არსებულ პირობებზე საუბრობს. მისი თქმით, ადგილზე ყველანაირი პირობა არის შექმნილი იმისთვის, რომ ადამიანი კარგად იყოს და სრულფასოვნად შეძლოს ცხოვრება.
„საცხოვრებელი პირობები არის იმ დონეზე, რომ ადამიანმა საკუთარ სახლში იგრძნოს თავი. ნამდვილად ვერ ვგრძნობთ, რომ კარანტინში ვართ. ყველაფერი მოწესრიგებულია, ოთახებიც შესაბამისად აღჭურვილი, არის სამჯერადი კვება, მინდა ხაზი გავუსვა, რომ საკვები ძალიან ბევრია, ითქვა რომ არ იყო და ეს არის ცრუ ინფორმაცია. გვაკვირდებიან, სიცხეს გვიზომავენ, აკვირდებიან ჩვენს ჯანმრთელობას, თუ კი რაიმე შეუძლიათ ამ ადამიანებს, დღის ნებისმიერ მონაკვეთში, ღამეც რომ იყოს, ჩვენს გვერდით არიან ყოველთვის“,_ აღნიშნავს კარანტინში მყოფი ქალბატონი.
აბასთუმნის ფილტვის ცენტრში, ამ ეტაპზე, 21 ადამიანია მოთავსებული. ცენტრის დირექტორის, რეზო ჟღენტის თქმით, არავითარი განგაშის და პანიკის საფუძველი არ არსებობს. ჩატარებულია კლინიკური კვლევები და არცერთ მათგანს ვირუსი არ დაუდასტურდა.