მიმდინარე წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტში ცვლილებების გასახორციელებლად, ლანჩხუთის საკრებულომ ადმინისტრაციული წარმოება უკვე დაიწყო და საბოლოო კენჭისყრამდე საკითხი კომისიებსა თუ ფრაქციებში განიხილება.
როგორც ირკვევა, ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილების მთავარი მიზეზი მთავრობის ის განკარგულებაა, რომლითაც რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს 3 941 050 ლარი ერგო. თანადაფინანსებისთვის კი ადგილობრივ ბიუჯეტს 207 620 ლარის გაღება მართებს. ჯამში კი, 4 148 670 ლარის ღირებულების სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები უნდა გახორციელდეს.
საკრებულოში წარმოდგენილი საკითხის მიხედვით ირკვევა, რომ აღნიშნული თანხიდან უშუალოდ ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში საფეხმავლო ბილიკების, გარე განათების და მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალბინიანი შენობების ფასადების რეაბილიტაციას 642 025 ლარი მოხმარდება. 1 189 492 ლარით ქალაქის ათ ქუჩაზე სანიაღვრე არხები მოეწყობა, ხოლო მრავალბინიანი სახლების სახურავების რეაბილიტაციისთვის 254 979 ლარის გახარჯვაა დაგეგმილი.
ქალაქში, ჟორდანიას ქუჩაზე მდებარე სტადიონზე სარეაბილიტაციო სამუშაოების გასახორციელებლად 82 653 ლარია გათვალისწინებული.
ამავე თანხიდან გაიხარჯება ნიგოითის ადმინისტრაციულ ერთეულში ცენტრალურ მაგისტრალზე გარე განათების მოსაწყობად 142 486 ლარი; 1 070 556 ლარი კი მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში შიდა გზების რეაბილიტაციას მოხმარდება.
საფეხბურთო აკადემიის მოედნის განათების და ეზოს კეთილმოწყობაზე ზემოთ ნახსენები თანხიდან 553 342 ლარის გახარჯვაა დაგეგმილი. ამავე თანხიდან მოხდება ლესის ადმინისტრაციულ ერთეულში წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაცია, რისთვისაც 315 790 ლარის ღირებულების სამუშაოების შესრულება იგეგმება. გვიმბალაურის, ღრმაღელისა და სუფსის ადმინისტრაციულ ერთეულებში კი წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციისთვის 260 677 ლარი გაიხარჯება.



































































