ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო, სადაც ასამბლეა შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ვერ მოხერხდა საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელად, არ არის გამოძიებული 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს მომხდარი ინციდენტები და საარჩევნო კოდექსის სავარაუდო დარღვევები, ხარვეზებია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში, მათ შორის არ არსებობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის მკაფიო კრიტერიუმები და გადაწყვეტილების სრული და საფუძვლიანი დასაბუთება.
რეზოლუციაში, ასევე საუბარია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის ხარვეზებზეც, სადაც აღნიშნულია რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევისას გამოიკვეთა ხარვეზები, შერჩევის კრიტერიუმები არ იყო მკაფიო და გადაწყვეტილების საფუძლვიანი დასაბუთება.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ,,ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, რომ 2020 წლის არჩევნებამდე უზრუნველყოს ისეთი საარჩევნო სისტემა, რომელსაც ექნება ყველა დაინტერესებული მხარის ნდობა და მხარდაჭერა.
„საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს მმართველ პარტიას მოუწოდებს, 2020 წლის არჩევნებამდე უზრუნველყოს ისეთი საარჩევნო სისტემა, რომელიც ყველა მხარის ნდობით და მხარდაჭერით ისარგებლებს, შეასრულოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის და დანიშვნის თაობაზე, დროულად განახორციელოს სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა და მიიღოს ზომები ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მიმდინარე პოლარიზაციის გადასალახად“, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) მიიღო რეზოლუცია, რომელიც ეფუძნება ევროპის საბჭოს წევრ ათ ქვეყანაში 2019 წელს განხორციელებული მონიტორინგის შედეგებს. ეს ქვეყნებია: საქართველო, უკრაინა, რუსეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, მოლდოვა, თურქეთი და სერბია.
































































