განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთათვის სერტიფიცირების პროცესს იწყებს.
სერტიფიცირებით დაინტერესებულებს ელექტრონული რეგისტრაცია გავლა შეუძლია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ვებგვერდზე: directors.mes.gov.ge 3 თებერვლიდან და 17 თებერვლის ჩათვლით შეუძლიათ. სერტიფიცირება შედგება ორი ნაწილისაგან: ტესტირება და გასაუბრება. კონკურში მონაწილეობის მიღება შეუძლია უმაღლესი განათლების მქონე პირს, რომელსაც მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება, აქედან, განათლების სფეროში სწავლების არანაკლებ ერთი წლის სტაჟი აქვს. ტესტირების პროგრამა რამდენიმე მიმართულებას მოიცავს – საკანონმდებლო ბაზა, სასწავლო პროცესის ორგანიზება, მონიტორინგი და შეფასება, სკოლის ადამიანური რესურსების მართვა, ეფექტური კომუნიკაციისა და მოტივაციის მეთოდები, მშობლებთან მუშაობა და ანგარიშვალდებულება, ლოგიკური მსჯელობა და ინფორმაციის ანალიზი და სხვა. ტესტირება ჩატარდება ელექტრონული ფორმით. კონკურსანტის კომპეტენცია და უნარები წარმატებით დაძლეულად ჩაითვლება ტესტის მაქსიმალურ ქულათა 60%-ის დაგროვების შემთხვევაში. შეფასება განხორციელდება ტესტის დასრულებისთანავე. ტესტირებისათვის დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვის შემთხვევაში, კონკურსანტს საშუალება ეძლევა გადავიდეს გასაუბრების ეტაპზე. ტესტირების ჩატარებამდე სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე წინასწარ განთავსდება: ტესტირების ჩატარების განრიგი; ინფორმაცია ტესტის სტრუქტურის შესახებ – დავალებათა ტიპები და რაოდენობა; მოსამზადებლად საჭირო ლიტერატურის ნუსხა. დირექტორთა სერტიფიცირება განათლების კომპლექსური რეფორმის ფარგლებში, საჯარო სკოლების ეფექტიანი მართვისა და მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით მოხდება. დირექტორობის მსურველთა შერჩევის პროცესში სამინისტროს ამოცანას წარმოადგენს როგორც კონკურსის გამჭვირვალედ, კვალიფიციურად და მიუკერძოებლად ორგანიზება, ასევე, კონკურსანტებისთვის კეთილგანწყობილი და თანაბარი პირობების შექმნა.