ბათუმში მოჭიდავე ფირუზ წულუკიძე და მასთან ერთად კიდევ რამდენიმე ადამიანი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხდებით, დაკავებული სულ 6 ადამიანია.
1987 წელს დაბადებული რ.წ. 1993 წელს დაბადებული ფ.წ. 1997 წელს დაბადებული თ.ჭ. 1995 წელს დაბადებული თ.ჭ. 1999 წელს დაბადებული გ.ჭ. და 2000 წელს დაბადებულ ი.ჭ.
მათ ბრალად ედებათ ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა.
დანაშაული 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 12 აპრილს, ქალაქ ქუთაისში, გუმათჰესის დასახლებაში ,,ნამახვანჰესის” მშენებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, ჯგუფურად იძალადეს და ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს აქციაზე მყოფ სამ პირს. ასევე, დააზიანეს ერთ-ერთი დაზარალებულის კუთვნილი ავტომანქანა.
ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ წულუკიძემ თანმხლებ პირებთან 13 და 14 იანვარს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში დაპირისპირებული თანასოფლელების შერიგებას შეუშალა ხელი, მაშინ როცა ადგილობრივი ხელისუფლება ორივე მხარეს შეხვდა.