ლანჩხუთში სოფელ გვიმბალაურში მდებარე “სოკარის” ბენზინგასამართ სადგურთან წუხელ, დაახლოებით, ღამის პირველი საათისთვის ხუთი საპატრულო ეკიპაჟი იყო მობილიზებული. მათ ჩაკეტილი ჰქონდათ მოძრაობა სამი ავტობუსისთვის, რომლის მგზავრები სადგურზე მდებარე საპირფარეშოთი სარგებლობდნენ.
მგზავრების ავტობუსიდან ჩამოსვლას და შემდეგ უკან დაბრუნებას აკონტროლებდნენ საპატრულო ეკიპაჟების წევრები, რომელთაც პირბადეები ეკეთათ. იქვე იყვნენ ადამიანები სპეცტანსაცმლით, რომელთაც ავტობუსებში გადაადგილება შეეძლოთ. როგორც გაირკვა, კოპიტნარის აეროპორტში უცხოეთიდან ჩამოსული მგზავრები კარატინში მოსათავსებლად ბათუმის მიმართულებით გადაჰყავდათ. საპატრულო ეკიპაჟების წევრები მათი რაოდენობის კონტროლს ახდენდნენ. დაახლოებით, ნახევარ საათში სამივე ავტობუსი ბათუმის მიმართულებით დაიძრა. “სოკარის” სადგური კი დროებით დაიკეტა და მხოლოდ დეზინფექციის ჩატარების შემდეგ გაიხსნება.