ვის არ უნერვიულია და ვისთვის არის უცხო სიბრაზე? მრისხანებისას ზიანს ვაყენებთ როგორც საკუთარ თავს, ისე გარშემო მყოფებს. გული აჩქარებით გიწყებთ ცემას, წნევა მაღლა იწევს, ხელებიც კი გიკანკალებთ, ფიქრის, აზრის კონცენტრაცია კი შეუძლებელი ხდება.
ნეგატიური ემოციები ზედმეტი ტვირთია ორგანიზმისთვის, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ურთიერთობას გიფუჭებთ საყვარელ ადამიანებთან. არავინ გეუბნებათ, რომ არ უნდა გაბრაზდეთ, მაგრამ, თუ საკუთარი თავი გიყვართ, შეეცადეთ, ჭარბ განცდებს მოერიდოთ. რატომ უნდა გაფლანგოთ ფუჭად ის ენერგია, რომელიც შეგიძლიათ, თქვენს სასარგებლოდ გამოიყენოთ?!
აღმოსავლური მედიცინა ჯერ კიდევ ხუთი ათასი წლის წინ გვირჩევდა: ნუ გამოკვებავთ გარემოს თქვენი ენერგეტიკით, ნუ გააბნევთ მას ფუჭად, ნუ გაათბობთ კოსმოსს – ეს მას არაფერში სჭირდება, შემოინახეთ ეს ყველაფერი თქვენი ახლობლებისთვის, საყვარელი და ძვირფასი ადამიანებისთვის და, ასევე, კარგი საქმეებისთვის.
„სიბრაზის თეორია“ გვასწავლის: სტრესი ცეცხლის სტიქიასავით არის – ის არღვევს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას, ხელს უშლის ტვინს და აქვეითებს მეხსიერებას. იკლებს სექსუალური ლტოლვა და ცხოვრებაში ბედნიერი დღეების რიცხვი სულ უფრო იკლებს.
დაიმახსოვრეთ: უარყოფითი ემოციებისგან თავი უნდა დაიცვათ. ძნელია, მაგრამ, უნდა შეძლოთ. გული თქვენ უნდა დაიმორჩილოთ და არა – პირიქით!
ავტორი