Reuters-ის ინფორმაციით, მოსკოვში, Crocus City Hall-ზე მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.
პასუხისმგებლობის აღების შესახებ ISIS-ის მოკლე განცხადება ტერორისტულ დაჯგუფებასთან აფილირებულმა სააგენტო Amaq-მა Telegram-ზე გამოაქვეყნა. თუმცა, ინფორმაცია დამოუკიდებლად არ არის გადამოწმებული და ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს პასუხისმგებლობის მტკიცებულება არ გაუვრცელებია.
შეგახსენებთ, რომ გასულ ღამეს მოსკოვში, Crocus City Hall-ში სროლისა და ხანძრის შედეგად, დაიღუპა 60-ზე მეტი და დაშავდა 145-მდე პირი. თავდასხმა იმ დროს მოხდა, როდესაც ჯგუფ “პიკნიკის” კონცერტი მიმდინარეობდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ხალხი საკონცერტო დარბაზში იჯდა და კონცერტის დაწყებას ელოდებოდა, როცა დარბაზში სროლა დაიწყო.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა თავდასხმას ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა. მოგვიანებით მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოსკოვში მომხდარ ტერაქტში, ერთ-ერთი ეჭვმიტანილი დააკავეს, თუმცა ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებული არ არის.