შინაურ, კვერცხისმდებელ ფრინველს რომ მარცვლეულით კვება სჭირდება, ყველამ იცის. თუმცა, ოჯახში ეკონომიისა და ამავდროულად საუკეთესო საკვების მოსამზადებლად, შესანიშნავია სხვადასხვა ნარჩენისგან მომზადებული საკვები, ნარევის სახით, რომელსაც თავიდანვე უნდა მივაჩვიოთ კრუხ-წიწილა.
ახლა, ზაფხულში და შემოდგომით, გვიანობამდე იმდენი ხილი და ბოსტნეულის ანარჩენებია ოჯახში, ბევრი გამოუყენებლად ყრის ან სრულიად უსარგებლოდ ლპება.
როგორ მოვამზადოთ სხვადასხვა ნარჩენებისგან კომბინირებული საკვები შინაურ პირობებში: ვაშლის, მსხლის, კიტრის, ბადრიჯნის ნათალი, პომიდვრის და კარტოფილის ნარჩენები ერთად წამოვხარშოთ. შემდეგ გადავუწუროთ წყალი და დავუმატოთ ფრინველისთვის განკუთვნილი მარცვლეული (სიმინდი, ხორბალი და სხვა.). კარგად ავურიოთ. ფრინველს, ორ დღეში ერთხელ (ორი დღის სამყოფი გავაკეთოთ, რომ არ ამჟავდეს), მოვუმზადოთ ასეთი კომბინირებული საკვები, ზაფხულისა და შემოდგომის განმავლობაში. წიწილები უფრო სწრაფად დაიზრდებიან, ქათმები კვერცხის დებასაც გააუმჯობესებენ ყუათიანი საკვების მეშვეობით და ამასთან, ვნახავთ, ფრინველისთვის განკუთვნილი მარცვლეულის რამდენი დანაზოგი გაჩნდება ოჯახში.
მთავარია, გარჯა არ დაიზაროთ და უდანაკარგოდ გამოიყენოთ ხილის თუ ბოსტნეულ-ბალახეულის ნარჩენი, რომელიც სახლში ყოველთვის გაგვაჩნია.