“დღეს სამეგრელოს ჩრდილო მთიან რაიონებში შესაძლოა მცირე ხასიათის წვიმა იყოს. დღის მეორე ნახევრიდან იდარებს მთლიან საქართველოში. უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +30-იდან +35 გრადუსამდე იქნება. მთიან რაიონებშიც +31, +32, ხოლო მაღალ მთაში +25, +30. დასავლეთ საქართველოში მცირეხნიანია ეს გამოდარება”,_ აღნიშნა “გურია ნიუსთან” საუბრისას გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი ამინდის პროგნოზის ბიუროს ხელმძღვანელმა დოდო გვაზავამ.
გვაზავას თქმით, 6 სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით საქართველოს ამინდს შავი ზღვის ჩრდილო დასავლეთიდან შემომავალი ცივი და ნოტიო ჰაერის მასები განაპირობებს.
“6 სექტემბრიდან კვირის ჩათვლით კვლავ არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი, წვიმები, ზოგან შესაძლოა ძლიერი წვიმაც აღინიშნოს 6 სექტემბრის დღის ბოლოს და 8 სექტემბრის დღის პირველ ნახევარში. ჰაერის ტემპერატურა კვლავ დაიკლებს, განსაკუთრებით 7 სექტემბრიდან 10 სექტემბრამდე დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში +25, +27 გრადუსი, ხოლო მაღალ მთაში +20, +25 გრადუსია მოსალოდნელი.
რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, აქ ხვალაც და ზეგაც უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 7 სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით დროგამოშვებით იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს და +25, +28 გრადუსი დაფიქსირდება, გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი”,_ გვითხრა დოდო გვაზავამ.