”მარშები იწყება ქუჩით და მთავრდება ციხით _ ასეთი მსოფლიო გამოცდილება” _ ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის წევრი, ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე “ქართული მარშის” გადაწყვეტილებას ქუჩაში პატრულირების შესახებ.
“ქუჩის პატრულირებით დაიწყო ჰიტლერმაც. კრიმინალს ებრძოდა და საკმაოდ სწრაფად მოიპოვა პოპულარობა. მერე კომუნისტებს დაერია. ბოლოს ებრაელები გაანადგურა. ზონდერო ზონდეროო, რომ ეძახიან ერთმანეთს, ეს ზონდერობაც ჰიტლერიდან მოდის. პარტიული ზონდერბრიგადები ჰყავდათ და ”ხალხს იცავდნენ”.
ერთი საათითაც თუ დართო მთავრობამ ამ მარშელებს ქუჩების პატრულირება, ჩათვალეთ, რომ ხელისუფლება მალევე ჩამოიშლება. ”მარში”ამ ხელისუფლების პირმშოა, მათი ალტერ ეგო.
ახლა ეუბნებიან, თუ გაგვაჩინეთ, კიდეც გვარჩინეთო. ხვალ ბიზნესის რეკეტს დაიწყებენ და ოფისების კარების აჭედვას. ამას წარსულის მაგალითებიც მოწმობს.
”როგორც გააჩინა, ისევე უნდა მოსპოს” _ თუ ეს არ გააკეთა მთავრობამ, მერე ნახეთ, რა ამბები დატრიალდება აქ. თუ მთავრობას არა აქვს ამის უნარი, ამას გააკეთებს სხვა. ყველა ზონდერს კონტრზონდერი გამოუჩნდება.
ხელისუფლება არის ყველაფერზე პასუხისმგებელი და დროა სასწრაფოდ მიიღოს ზომები”,_ აღნიშნა “გურია ნიუსთან” საუბრისას რომან გოცირიძემ.