უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ რუსეთი საქართველოს ეშმაკთან გარიგებას სთავაზობს.
“რუსეთი საქართველოს ეშმაკთან გარიგებას სთავაზობს და ეშმაკთან გარიგებაში, როგორც იცით, ეშმაკი იმარჯვებს.
ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას, გააუქმოს რუსული ვიზები საქართველოს მოქალაქეებისთვის და აღადგინოს საჰაერო მომსახურება, მივიჩნევთ პოლიტიკურ კომპენსაციად საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების მხრიდან რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე, რომელიც უკრაინაზე თავდასხმის გამო დაუწესდა, უარისთვის, ისევე როგორც ევროინტეგრაციის გადავადებას.
თბილისის მიერ მოსკოვთან ურთიერთობების ნორმალიზების კურსი მიმდინარეობს, რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპაციის, მცოცავი “ბორდერიზაციის”, საქართველოს მოქალაქეების გატაცების, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების უხეში დარღვევების და საქართველოს რუსეთის მოქალაქეებით გავსების ფონზე. კრემლი იღებს დათმობებს იმ მწუხარებაზე პასუხისმგებლობის აღების გარეშე, რაც მან ქართველ ხალხს მოუტანა.
2008 წელს, რუსული თვითმფრინავები უკვე იყვნენ საქართველოში, რათა მოქალაქეები დაებომბათ. ახლა ისინი აპირებენ, დაბომბონ ქართველების ევროპული არჩევანი.
რუსეთი არაა დაინტერესებული ევროკავშირსა და NATO-ში საქართველოსთვის ხელშეწყობით, მისი აყვავებითა და განვითარებით. მოსკოვის მიზანია, შექმნას პირობები, რომელშიც პროგრესი შეუძლებელი იქნება. ბელარუსის გამოცდილებით დამტკიცდა, რომ სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა რუსეთმა შთანთქა.
მოსალოდნელია, რომ აგრესორის პოლიტიკას არ ექნება მხარდაჭერა ქართველ პოლიტიკოსებს და მოსახლეობას შორის, ვინც არაერთხელ საჯაროდ გამოხატა საკუთარი პოზიცია, მათ შორის პროტესტებით.
ამ კონტექსტში, ჩვენ ქართველებისადმი გამოვხატავთ სოლიდარობასა და მხარდაჭერას, მათ ლეგიტიმურ სურვილში, რომ ააშენონ წარმატებული ევროპული სახელმწიფო საკუთარ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
მოვუწოდებთ, საქართველოს ხელისუფლებას, მისი რუსეთისადმი პოლიტიკა სინქრონიზდეს ევროკავშირის პოლიტიკასთან და თავი შეიკავონ იმ ქმედებებისგან, რომლებიც საქართველოს ევროპისაკენ მოძრაობას გამორიცხავს” – აცხადებს ოლეგ ნიკოლენკო.