დიდი ბრიტანეთის საპასუხოდ, რუსეთი ბრიტანეთის დიპლომატიური მისიიდან 50 თანამშრომლის გაძევებას აპირებს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა აცხადებს. ინფორმაცია რუსულ მედიაში ვრცელდება.
“რუსი და ბრიტანელი დიპლომატების რაოდენობას შორის სხვაობა 50-ზე მეტია“, – განმარტავს ზახაროვა.
გუშინ საგარეო საქმეთა სამინისტრომ დასავლეთის ქვეყნები, რომლებმაც რუსი დიპლომატები გააძევეს, სარკისებრი საპასუხო რეაქციის შესახებ გააფრთხილა.
სოლსბერიში სერგეი სკრიპალის მოწამვლის გამო, 26-29 მარტს რუსი დიპლომატების გაძევების შესახებ 30-მდე ქვეყანამ განაცხადა, მათ შორის საქართველომ. სულ, სამშობლოში დაბრუნება რუსული დიპლომატიური მისიების 150-მდე თანამშრომელს მოუწევს.
აშშ-მა გააძევა 60 რუსი დიპლომატი, უკრაინამ-13, გერმანიამ, კანადამ, პოლონეთმა და საფრანგეთმა – ოთხი, ლიტვამ, მოლოდვამ და ჩეხეთმა – სამი, ავსტრალიამ, ალბანეთმა, დანიამ, ესპანეთმა, იტალიამ და ნიდერლანდენმა – ორი, ბელგიამ, უნგრეთმა, ირლანდიამ, ლატვიამ, მაკედონიამ, ნორვეგიამ, რუმინეთმა, ფინეთმა, ხორვატიამ, მონტენეგრომ, შვედეთმა, ესტონეთმა და საქართველომ – ერთი.