საპრეზიდენტო კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს საარჩევნო კამპანიის წარმართვაში რუსი პიარტექნოლოგები ეხმარებიან, რომელთა შორის ვიტალი შკლიაროვია.
შკლიაროვს სოციალურ ქსელში გავრცელებული აქვს რამდენიმე ფოტო, რომელიც ქუთაისში, ვაშაძის წინასაარჩევნო შეხვედრაზეა გადაღებული.
შკლიაროვი ერთ-ერთ პოსტში წერს, რომ ვაშაძის გუნდთან ერთად ახალ პროექტს იწყებს, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებს ეხება.
ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე ვაშაძის საარჩევნო კამპანიაში რუსი პიარტექნოლოგების ჩართვას შეცდომას უწოდებს. მისი თქმით, გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატს უნდა სცოდნოდა, რომ აღნიშნული ფაქტზე საზოგადოებას უარყოფითი დამოკიდებულება ექნებოდა.
,,სულ მცირე, გრიგოლ ვაშაძეს იმდენი ჭკუა უნდა ეხმარა, რომ რუსი პიარტექნოლოგები არ აეყვანა. სერიოზული შეცდომა დაუშვა. ეს ფაქტი მეტყველებს კავშირზე გარკვეულ წრეებთან. ვაშაძე თავისი ბიოგრაფიით იმდენად არის მიბმული რუსეთს, რომ არც უფიქრია იმაზე, რომ საზოგადოება ნეგატიურად მიიღებდა საარჩევნო კამპანიაში რუსი პიარტექნოლოგების ჩართვას. თავად ამის აფიშირებას არ ახდენს, მაგრამ პიარტექნოლოგიაში ჩართული ადამიანები ფოტოებს აქვეყნებენ და აღნიშნულზე არ ფიქრობენ“, _ უთხრა ,,გურის ნიუსს“ არეშიძემ.
არიან თუ არა ჩართულნი გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო კამპანიაში რუსი პიარტექნოლოგები?_ აღნიშნულის გადამოწმება ,,გურია ნიუსმა“ გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატთან სცადა, თუმცა ვაშაძე ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.