„რუსთავი 2“-ს არ უნდა ჰქონდეს ვალების რესტრუქტურიზაციაზე პრეტენზია, – ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე.
კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, რომ ხელისუფლებამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ვალების რესტრუქტურიზაცია მოახდინოს, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ სანამ რესტრუქტურიზაციაზე დაიწყება საუბარი, ჯერ აუცილებლად უნდა ითქვას, რა დამოკიდებულება ჰქონდა სახელმწიფოს „რუსთავი 2“ -ის ვალებთან დაკავშირებით აქამდე.
„ვის, ვის, მაგრამ „რუსთავი 2“-ს არ უნდა ჰქონდეს ამაზე პრეტენზია. ვინაიდან, ცნობილია, რომ სხვა მედიასაშუალებების მსგავსად, ამ ტელევიზიასაც 10 მილიონ ლარზე მეტი დავალიანება აქვს ბიუჯეტის წინაშე. ამისათვის სახელმწიფოს არანაირი მკვეთრი ნაბიჯები, რაც ტელევიზიის საქმიანობას ხელს შეუშლიდა, არ გადაუდგამს.
ბუნებრივია, აქამდეც დამზოგველი მიდგომები იყო როგორც სხვა, ასევე ამ ტელევიზიის მიმართ. შესაბამისად, სანამ რესტრუქტურიზაციაზე დაიწყებდეთ საუბარს, ჯერ აუცილებლად უნდა თქვათ, რა დამოკიდებულება ჰქონდა სახელმწიფოს „რუსთავი 2“ -ის ვალებთან დაკავშირებით აქამდე.
შეკითხვაზე, მომავალში რა იქნება, პარლამენტი ვერ გაგცემთ პასუხს. ეს არის მთავრობის პრეროგატივა. ნებისმიერ შემთხვევაში, დამოკიდებულება იქნება იგივე, რაც იყო აქამდე,“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.