ჩოხატაურში, სოფელ ზემო ფარცხმის საარჩევნო უბანთან „გურია ნიუსმა“ მიკროავტობუსში მსხდომი ქალბატონები იმ დროს დაინახა, როცა მათთან უბნიდან გამოსული პიროვნება მივიდა და რაღაც გამოართვა.
ჩვენი კამერის გამოჩენისთანავე უბნიდან გამოსული მოქალაქე მანქანაში ჩაჯდა და ტერიტორია დატოვა, ხოლო ქალბატონმა, რომელიც მიკროავტობუსში იჯდა, გვითხრა, რომ იქ მხოლოდ ხალხთან სასაუბროდ იმყოფებოდა.
მასთან დეტალების გარკვევას ვცდილობდით, როცა, სავარაუდოდ, მიკროავტობუსის მძღოლი მოვიდა და მანქანის კარი საგულდაგულოდ დაკეტა.
მამაკაცს ქცევის მიზეზი არ აუხსნია, თუმცა, ჩვენგან წასული, იქვე მყოფ „ოცნების“ მხარდამჭერებს შეუერთდა, რომლებიც, როგორც გავარკვიეთ, „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიას“ წარმოადგენენ.
აღსანიშნავია, რომ ეს ადამიანები, ისევე, როგორც მიკროავტობუსში მსხდომი ქალბატონი, „გურია ნიუსის“ კამერამ პირველ ტურში, არჩევნების დღეს, სწორედ ამ უბანთან დააფიქსირა _ ქალბატონი, რომელიც დღეს, ჩვენს მიმართ აგრესიით გამოირჩეოდა, მაშინ იმ მანქანაში იჯდა, რომელშიც ამომრჩეველთა სიები ჰქონდათ და უბანზე მისულ ადამიანებს აღრიცხავდნენ.
მიკროავტობუსში მყოფი და იქ მისული ადამიანების ქცევა რომ საეჭვო იყო, ქალბატონს, რომელმაც ვინაობა დამალა, რამდენჯერმე გავუმეორეთ, თუმცა, როგორც მან თქვა, ამაში განსაკუთრებული არაფერია და „25 წელია ასე იქცევა“.
ხაზგასასმელია კიდევ ერთი დეტალი _ მოგვიანებით, როცა ქალბატონი მიკროავტობუსიდან გამოვიდა იმის გასარკვევად, რატომ ვიღებდით და გვქონდა თუ არა გადაღების უფლება, ჩვენმა კამერამ დააფიქსირა, რომ მას, ხელისგულზე, კალმით ციფრი _ „48“ ნომერი ეწერა.
ამავე თემაზე: უბნებთან მობილიზებული, მანქანაში მსხდომი “დამკვირვებლები”, რომლებიც ამომრჩეველს აღრიცხავენ