განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „დილის შოუ“ ხვალ, 15 თებერვალს საქართველოში სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში გაგრძელების შესახებ ისაუბრა.
როგორც ეკატერინე დგებუაძემ აღნიშნა, ყოველ ოთხშაბათს მშობელს აქვს შესაძლებლობა, არა მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში სწავლის გაგრძელების თაობაზე დარეგისტრირდეს, არამედ უარი თქვას ამაზე.
„ყოველ ოთხშაბათს, 24 საათის განმავლობაში, გაიხსნება სპეციალური ფანჯარა. თუ მშობელს არ შეუძლია, რომ ელექტრონულად დაარეგისტრიროს შვილი, შეუძლია, განცხადებით მიმართოს სკოლის ადმინისტრაციას, რომელიც, განცხადების საფუძველზე, ამ პროცესებს მართავს. მშობელს შეუძლია, უარი თქვას შვილის სკოლაში გაშვებაზე. სწორედ ოთხშაბათი დღეა იმისთვის, რომ მშობელმა შეძლოს, როგორც შვილის დარეგისტრირება დისტანციურ სწავლებაზე, ისე – მოხსნაც. ოთხშაბათი დღე შეირჩა იმის გამო, რომ სკოლას ჰქონდეს შესაძლებლობა, მოსწავლეს მოარგოს დისტანციური სწავლების ცხრილი, დააორგანიზოს პროცესები და ორშაბათს, თუ დისტანციურ ფორმატზე უნდა გადასვლა, გადავა ან დაბრუნდება საკლასო ოთახში“ – აღნიშნა ეკატერინე დგებუაძემ.
დისტანციური სწავლების მსურველებმა უნდა მიმართონ სკოლის ადმინისტრაციას და ასევე გაიარონ რეგისტრაცია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილ ვებგვერდზე ONLINE.EMIS.GE
მისივე განმარტებით, თუ მხოლოდ ერთი მოსწავლე აირჩევს დისტანციურ სწავლებას, მისთვის დაორგანიზდება დისტანციური სწავლება.