საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, შსს 2-3 დეკემბრის ღამის განმავლობაშიც აგრძელებდა 28 ნოემბერს დაწყებული საპროტესტო აქციების ძალადობრივი და უკანონო მეთოდებით ჩახშობას.
“აქციის დაშლისკენ დემონსტრანტებს შსს-მ 21:15 საათისკენ მოუწოდებდა, ხოლო დარბევის ოპერაცია 21:44 წუთიდან დაიწყო.
პარლამენტის წინ აქციის დაშლისთვის შსს-მ წყლის ჭავლი გამოიყენა. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ვაჟა სირაძემ ინტერვიუში (22:13) განაცხადა შემდეგი: „მივიღეთ გადაწყვეტილება, ვინაიდან თავიდანვე აგრესიით და ძალადობით დაიწყო აქცია 300-400 კაციანი ჯგუფის მიერ, თავიდანვე დაგვეწყო ღონისძიება […]”.
შსს ამ შეფასებით ვერ გაამართლებს აქციის მშვიდობიანი მონაწილეთა აბსოლუტური უმრავლესობის მიმართ საყოველთაო ძალის გამოყენებას და შესაბამისად, 2-3 დეკემბერს აქციის დაშლის გადაწყვეტილება კვლავ უკანონო იყო.
პარლამენტის წინ შეკრების დაშლის შემდეგ საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე გრძელდებოდა. მთელი ღამის განმავლობაში პერიოდულად იძაბებოდა სიტუაცია, საპოლიციო ძალები პერიოდულად დევნიდნენ დემონსტრანტებს, უსაფრდებოდნენ, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, უსაფუძვლოდ, ძალადობრივი მეთოდებით აკავებდნენ მათ, და იყენებდნენ გაზის კაფსულებს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ.
მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით (ტვ პირველის ეთერი, 02:19), რუსთაველის გამზირზე გაზის კაფსულებს შენობის სახურავიდან ისროდნენ, რაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხისშემცველ პრაქტიკას წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ 03:00 საათზე, როდესაც შევჩენკოს ქუჩაზე სპეცრაზმმა დემონსტრანტების დევნა დაიწყო, რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის, შევჩენკოს ქუჩაზე დროებით განათებები ჩაქრა”,_ აცხადებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.