გიორგი გახარიას თქმით, საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების მოთხოვნით მთავრობა პრეზიდენტს აღარ მიმართავს, შესაბამისად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისს უქმდება.
„საქართველოს მთავრობამ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ღრმა ანალიზის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება 22 მაისის შემდგომ პრეზიდენტს და შესაბამისად პარლამენტს აღარ მიმართოს საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების, გაგრძელების მიზნით.
დღეს ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების თხოვნით პარლამენტს მთავრობა აღარ მიმართავს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შეზღუდვები, რომელიც დაწესებულია, იქნება მოხსნილი. შეზღუდვების ნაწილი, რომელიც აუცილებელია ეპიდემიოლოგების აზრით, რათა შევინარჩუნოთ რისკების კონტროლის მაღალი დონე, რომელიც გვაქვს, აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს. ამისთვის მივმართავთ პარლამენტს, რათა დავიწყოთ მსჯელობა იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, ვმართოთ ეპიდემია და რისკები საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.