ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიების წევრები პარლამენტში მივიდნენ. სხდომაზე შესვლამდე მათ საგანგებო განცხადება გააკეთეს. “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით, ოპოზიციას იმედი აქვს, რომ მმართველი გუნდის მხრიდან, შეთანხმების დოკუმენტის პუნქტები არ დაირღვევა.
ის ასევე იმედოვნებს, რომ მალე გათავისუფლდება “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია.
პარლამენტის დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა, ასევე აღნიშნა, რომ დღეს ქვეყნის პოლიტიკურ ისტორიაში გადაიშლება ახალი ფურცელი.
„დღეს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ისტორიაში გადაიშლება ახალი ფურცელი იმ შეთანხმების იმპლემენტაციის დაწყებით, რომელიც მიღწეულ იქნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის უშუალო თანამონაწილეობით. უნდა დავასრულოთ პოლიტიკური ნიშნით დევნა, უნდა აღვუდგინოთ ხალხს უფლება, რომ თავად აირჩიოს საკუთარი ხელისუფლება სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების გზით“- განაცხადა სამადაშვილმა.